იესო ოჯახში

იესო ოჯახში

ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 2:40-52

იესო იზრდებოდა ნაზარეთში, დურგალ იოსების ოჯახში. როდესაც მას თორმეტი წელი შეუსრულდა, იოსებმა და მარიამმა წაიყვანეს იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე.

ყოველწლიურად ზეიმობდნენ იუდეველები პასექს და სიხარულით ელოდებოდნენ ამ დღეს. ზოგიერთი მათგანი მრავალდღიანი მგზავრობის შემდეგ ჩადიოდა იერუსალიმში, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ იუდეველებთან ერთად მიეღო მონაწილეობა სატაძრო ზეიმში. იქ ისინი ადიდებდნენ ღმერთს, რომელსაც ასე უყვარდა თავისი ხალხი და ყველაფერში ეხმარებოდა მათ. ყველა აღსავსე იყო სასიხარულო განწყობით, მაგრამ ყველაზე მეტად ბავშვებს უხაროდათ, რომლებსაც ამ მომენტისთვის თორმეტი წელი შეუსრულდათ, რადგან ისინი პირველად იღებდნენ მონაწილეობას ამ დღესასწაულში.

იმ დღეს უკვე იესოც წაიყვანეს მშობლებმა იერუსალიმში მეზობლებთან ერთად. რა აღარ ნახა თუ გაიგონა მან ამ მოგზაურობისას! ბევრი საინტერესო რამ ხვდებოდათ გზად, მაგრამ იერუსალიმის ხილვა ყველა მოლოდინს აღემატებოდა. შესანიშნავი ტაძარი და ერთმანეთში არეული ათასობით ხმა. იესოს, უპირველესად, აინტერესებდა, თუ როგორ ტარდებოდა ღვთისმსახურება ტაძარში. მშობლებმა დაწვრილებით აუხსნეს შვილს ამა თუ იმ ქმედებისა და წეს-ჩვეულების მნიშვნელობა.

დღესასწაული შვიდ დღეს გრძელდებოდა. შემდეგ კი მომლოცველები უკან დასაბრუნებლად შეიკრიბნენ. მარიამი და იოსები ეძებდნენ შვილს, მაგრამ ვერსად პოულობდნენ მას. მათ იფიქრეს, რომ იესო მეზობლებთან ერთად გაემგზავრა, რადგან ხშირად იყო ხოლმე მათთან ერთად. დამშვიდებულნი გაუდგნენ გზას. საღამოს იესოს მშობლები დაეწივნენ ნაზარეველ მომლოცველებს. წარმოიდგინეთ, როგორ შეშინდნენ ისინი, როცა აღმოაჩინეს, რომ მათი შვილი არ იყო მათთან. რა უნდა ექნათ?

იერუსალიმში დაბრუნება მოუწიათ! ისინი ყველგან ეძებდნენ, სადაც კი წარმოედგინათ და შემხვედრებსაც ეკითხებოდნენ, ხომ არ უნახავთ თორმეტი წლის ბიჭი? ბევრს ჰყავდა ნანახი ამ ასაკის ბიჭი, მაგრამ ის იყო თუ არა, ვისაც ეძებდნენ, გამვლელებმა არ იცოდნენ. მათ არც იმის თქმა არ შეეძლოთ, თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი ბიჭი. მაშ, სად უნდა ეძებნათ?

იოსებს და მარიამს სულ უფრო მეტად იპყრობდა მღელვარება. ბოლოს მათ გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ შესულიყვნენ ტაძარში, კერძოდ კი იმ ნაწილში, სადაც მწიგნობრები ჭკვიანურ საუბრებს მართავდნენ წმინდა წერილის შესახებ. მათ თითქმის არ ჰქონდათ იმედი, რომ იქ იპოვიდნენ იესოს. რა უნდა ეკეთებინა ბიჭს სწავლული მამაკაცების გარემოცვაში?! ის ხომ ვერაფერს გაიგებდა მათი საუბრიდან და ამიტომ მას მოსაწყენად მოეჩვენებოდა ეს საუბარი.

სინამდვილეში კი მშობლებმა სწორედ ტაძარში იპოვეს შვილი. მარიამი და იოსები არც კი უჯერებდნენ საკუთარ თვალებს. იესო საკმაოდ რთულ კითხვებს უსვამდა მწიგნობრებს, რომლებზეც მათ უჭირდათ პასუხის გაცემა; ხოლო როდესაც იესოს უსვამდნენ კითხვებს, იგი, მათდა გასაოცრად, ბრძნულ პასუხებს აძლევდა მათ. ყოველი ასეთი პასუხის შემდეგ, მოძღვრები გაკვირვებით აქნევდნენ თავს ამ ბიჭის სიბრძნის გამო.

სიხარულით მოეხვივნენ იოსები და მარიამი შვილს. შემდეგ კი მარიამმა საყვედურით ჰკითხა იესოს:

_ სად იყავი? იცი, რამდენ ხანს გეძებდით?

იესომ უპასუხა:

_ მე სულ აქ ვიყავი. განა არ იცით, რომ მე ჩემი ზეციერი მამის სახლში ვარ?

ვერც იოსებმა ვერ გაუგო რამე ამ სიტყვებს და ვერც მარიამმა. მათ წაიყვანეს შვილი და ნაზარეთისკენ გაემართნენ.

ასაკის მატებასთან ერთად, იესო სულ უფრო მეტ სიბრძნეს იძენდა. მას უყვარდა თავისი მშობლები, უსმენდა მათ და ემორჩილებოდა კიდევ თვრამეტი წლის განმავლობაში. დედამისს, მარიამს, მთელი ცხოვრება ახსოვდა იესოს სიტყვები, რომლებიც მან მაშინ თქვა, როცა ტაძარში იპოვეს იგი და ბევრს ფიქრობდა მათ შესახებ.

კითხვები:

1) რომელ დღესასწაულზე უნდა წასულიყვნენ იუდეველები იერუსალიმში?

2) რა ასაკის ბიჭები მიჰყავდათ ტაძარში პასექის დღესასწაულზე?

3) სად იყო იესო და რას აკეთებდა, როცა იოსებმა და მარიამმა დაკარგეს იგი?

4) ტაძრის პირველი მონახულებიდან კიდევ რამდენ წელიწადს ცხოვრობდა იესო მშობლებთან და ემორჩილებოდა მათ?

54. იესო ოჯახში00:00 / 05:14