აღმოსავლელი მოგვები

აღმოსავლელი მოგვები

ბიბლია, მათეს სახარება, თავი 2:1-12

აღმოსავლეთით მდებარე შორეულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბრძენი კაცები. რატომ უწოდებდნენ მათ ასე? ალბათ იმიტომ, რომ ისინი სხვადასხვა მეცნიერებას სწავლობდნენ. მათი საყვარელი საქმიანობა კი გახლდათ ვარსკვლავებზე დაკვირვება.

და აი, ერთ ღამეს, როცა ცას ათვალიერებდნენ, უეცრად დაინახეს რაღაც ახალი. ეს იყო ახალი, კაშკაშა ვარსკვლავი. აღმოსავლურ ცაზე მრავალი ვარსკვლავია, მაგრამ ეს სხვებისგან განსხვავდებოდა. არა, მათ არასოდეს უნახავთ იგი. ის ყველასგან გამოირჩეოდა, არცერთ სხვა ვარსკვლავს არ ჰგავდა.

და ღმერთმა მიუთითა მათ ამის მიზეზზე: სადღაც გაჩნდა მეფე, და თუ მოგვები გაჰყვებიან ამ ვარსკვლავს, ის მიიყვანს მათ დაბადების ადგილამდე. მოგვებს ძალიან გაუხარდათ და დაიწყეს მზადება შორ გზაზე გასამგზავრებლად; არც საჩუქრები არ დავიწყებიათ ახალშობილი მეფისთვის. როდესაც ყველაფერი მოიმარაგეს, ბრძენკაცები გაუდგნენ გზას.

ეს გრძელი გზა იყო, მაგრამ ისინი ვარსკვლავს მიჰყვებოდნენ, რომელიც განსაკუთრებულად ანათებდა და მიმართულებას უჩვენებდა მოგვებს.

და ბოლოს, ისინი მიადგნენ წმინდა ქალაქ იერუსალიმს. ბრძენი კაცები ძალიან ჩქარობდნენ, რომ ახალი უფლისწული ენახათ, ამიტომ მეფის სასახლისკენ გაემართნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ იქ იპოვიდნენ მას.

ისინი მეფე ჰეროდემ მიიღო. იგი განგებ იქცეოდა ისე, რომ კეთილგანწყობილად მოეჩვენებინა მათთვის თავი. სადილობისას გამოიკითხა მათი ჩამოსვლის მიზეზი, მოგვებმა კი უამბეს მეფეს ვარსკვლავის შესახებ, რომელიც აღმოაჩინეს და თქვეს, რომ ახალი ვარსკვლავის გამოჩენა ნიშნავდა ახალი მეფის დაბადებას.

_ და რადგან მისი ნახვა მეფის სასახლეში უფრო მოსალოდნელი იყო, ამიტომ მოვედით პირდაპირ ამ სასახლეში.

_ სწორად მოიქეცით, _ თქვა ჰეროდემ, _ მაგრამ, სამწუხაროდ, აქ არ არის არანაირი ბავშვი. თუმცა მე სიამოვნებით დაგეხმარებით. ჩემს სამეფოში არიან სწავლული ადამიანები. შევკრებ მათ და გამოვკითხავ ყველაფერს.

და მართლაც, სწავლულები ნამდვილად დაეხმარნენ ჰეროდეს.

_ მეფე უნდა დაიბადოს იერუსალიმში, ასე წერია ბიბლიური წინასწარმეტყველის, მიქას, წიგნში.

_ ბეთლემი სულ ახლოს არის, _ აუხსნა თავის უცხოელ სტუმრებს ჰეროდემ. _ თუ ნაშუადღევს ამხედრებულები გაემგზავრებით სამხრეთისკენ, დაღამებამდე მიაღწევთ ადგილამდე. კარგად გამოიკვლიეთ ყველაფერი და დაბრუნებისას მეც გამაგებინეთ, რათა საჩუქრები მივართვა მომავალ მეფეს.

ამ დროს ჰეროდე ძლივს იკავებდა ბრაზს. მას არაფრის ჩუქება არ უნდოდა ბავშვისთვის, პირიქით, მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული. თუმცა ამას ბრძენი კაცები ვერ ხვდებოდნენ.

მხიარული განწყობით გაემართნენ ისინი ბეთლემისკენ. როცა მიაღწიეს ადგილამდე, უკვე მოსაღამოებული იყო და ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდნენ. ბრძენ მოგვებს ძალიან გაუხარდათ, როცა მათი გზის გამკვლევი ვარსკვლავი დაინახეს. ვარსკვლავი ნელა მიიწევდა წინ და ბოლოს იქ გაჩერდა, სადაც ჩვილი იმყოფებოდა.

_ ეტყობა აქ არის, ამ სახლში! _ სიხარულით თქვეს მათ. _ ღმერთმა გვიჩვენა გზა!

მაშინ, როდესაც იოსებმა დაინახა ასეთი წარმოსადეგი კაცები, რომლებიც მათთან მოვიდნენ, საკუთარ თვალებს არ დაუჯერა. მას და მარიამს არასოდეს უმასპინძლიათ ასეთი მდიდარი ადამიანებისთვის, რომლებიც შორი ქვეყნიდან ჩამოსულიყვნენ.

_ ჩვენ ისრაელის ახალდაბადებულ მეფეს ვეძებთ! _ თქვეს სტუმრებმა.

_ ბავშვი იქ წევს, _ უპასუხა იოსებმა და ჩვილისკენ მიუთითა.

საკვირველი სანახავი იყო, თუ როგორ დაემხნენ მუხლებზე ასეთი დარბაისელი, ნასწავლი და კარგად ჩაცმული ადამიანები. მათ თაყვანი სცეს პატარა იესოს, როგორც ღმერთს.

და რა მოხდა შემდეგ? მოგვებმა მიართვეს იესოს ძვირფასი საჩუქრები _ ოქრო, გუნდრუკი და მური, ანუ ნელსაცხებელი.

საჩუქრების გადაცემის შემდეგ მოგვები დაემშვიდობნენ ბავშვს, იოსებს და მარიამს და წავიდნენ.

ღამით, ერთ-ერთმა ბრძენმა ძილში შეიტყო ჰეროდეს ნამდვილი განზრახვის შესახებ.

_ ღმერთი მესაუბრა, _ უთხრა მან თავის მეგობრებს, _ მითხრა, რომ ჰეროდეს სულაც არ აქვს განზრახული საჩუქრების მირთმევა ბავშვისთვის. პირიქით, ის ეძებს, რათა ზიანი მიაყენოს მას. ამიტომ ჩვენ არ უნდა დავბრუნდეთ ჰეროდეს სასახლეში.

მოგვები სამშობლოსკენ გაემართნენ ისე, რომ ჰეროდესთვის არაფერი უთქვამთ. მომდევნო ღამეს ღმერთი იოსებსაც გამოეცხადა. იგი თავის ცოლთან და შვილთან ერთად უნდა წასულიყო ეგვიპტეში. იოსები დაუყოვნებლივ ადგა, ხელი ჩასჭიდა მარიამს და ბავშვს და ღამითვე გაემართა ეგვიპტისკენ.

გზა საკმაოდ გრძელი იყო. მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს მათ, რომ ღმერთმა დიდი განსაცდელისგან იხსნა ისინი: ჰეროდე მართლაც განრისხდა იმის გამო, რომ ბრძენმა კაცებმა არაფერი შეატყობინეს მას. ამიტომ განკარგულება გასცა, რომ ბეთლემსა და მის შემოგარენში დაეხოცათ ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი. ის იმედოვნებდა, რომ მომავალი მეფე მკვდარი იყო, მაგრამ იესო დიდი ხნის გარიდებული გახლდათ საფრთხისგან. ცოტა ხნის შემდეგ ჰეროდე მოკვდა.

ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ ღმერთი კიდევ ერთხელ გამოეცხადა იოსებს და შეატყობინა, რომ საფრთხემ უკვე გადაიარა და შეეძლოთ შინ დაბრუნება.

იოსები ისევ მოემზადა, წაიყვანა მარიამი და იესო და ნაზარეთში დაბრუნდა. სწორედ ამ ქალაქში გაატარა იესომ თავისი ბავშვობა და სიყმაწვილე.

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. რა უცნაური რამ დაინახეს სწავლულებმა ცაში?

  2. ვისი ნახვის იმედი ჰქონდათ მოგვებს იერუსალიმში? ვისთან მივიდნენ ისინი?

  3. რა საჩუქრები მიართვეს მათ იესოს?

53. აღმოსავლელი მოგვები00:00 / 07:02