მწყემსები მინდორში

მწყემსები მინდორში

ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 2:8-20

ბეთლემის შემოგარენში მწყემსები ცხვარს მწყემსავდნენ. დაღამდა, მაგრამ მათთვის არ შეიძლებოდა ძილი: გარშემო მტაცებელი ცხოველები დაეხეტებოდნენ და ნებისმიერ წუთს შეეძლოთ პატარა ბატკნის გატაცება. ყოველღამე, ნებისმიერ ამინდში, მწყემსები ყურადღებით აკვირდებოდნენ თავიანთ ფარას.

ახლა კი რა ხდება? ეს რა დამაბრმავებელი სინათლეა? ციდან ვიღაც მსუბუქი და ელვარე ეშვება მათთან! მწყემსები დამფრთხალნი იყვნენ. შეუძლებელია! ეს ხომ ღმერთის ანგელოზია! და აი, ანგელოზი მათ თბილი ხმით დაელაპარაკა:

_ ნუ გეშინიათ! მე გაუწყებთ დიდ სიხარულს, რომელიც ყველა ადამიანისთვის იქნება!

მან განუმარტა მწყემსებს, რომ ციდან ჩამოვიდა მათთან იმისთვის, რომ აუწყოს საოცარი ჩვილის შესახებ, რომელიც ღამით დაიბადა ბეთლემში. და ეს ჩვილი მხსნელია, უფალი ქრისტე.

მაშინ, როდესაც მწყემსებმა გაიგეს, რომ ნანატრი მხსნელი მოევლინა ქვეყანას, განცვიფრდნენ. აი, ეს არის სიახლე! მაგრამ შემდეგ მათ კიდევ რაღაც საოცარი შეიტყვეს: იმისთვის, რომ ეს ჩვილი ენახათ, ისინი არ უნდა წასულიყვნენ მდიდრულ სასახლეში, არამედ იპოვიდნენ მას ბაგაში. მაშასადამე მათ, უპირველესად, ბოსელი უნდა ეპოვათ.

მწყემსებმა ჯერ ერთმანეთთან დალაპარაკებაც ვერ მოასწრეს, რომ უეცრად ცაში გაისმა ანგელოზების გალობა:

_ დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა დედამიწაზე, და ადამიანთა შორის სათნოება!

ეს, ალბათ, ყველაზე მშვენიერი სიმღერა იყო, რომელიც ოდესმე ჟღერდა დედამიწაზე. შემდეგ კი ანგელოზები გაქრნენ.

მწყემსებმა ერთმანეთს გადახედეს და გადაწყვიტეს:

_ მოდით, წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ მხსნელი, როგორც ღმერთმა გვაუწყა!

ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თავად ღმერთმა შეატყობინა მათ ეს სიახლე. მწყემსებმა მიატოვეს თავიანთი საქონელი, რადგან სჯეროდათ, რომ ღმერთი დაიცავდა მათს ფარებს, და აჩქარებით გაემართნენ ბეთლემისკენ. იქ მათ იპოვეს ბოსელი და ნახეს ყველაფერი, რაც ღმერთმა აუწყა: მარიამი, იოსები და ჩვილი, რომელსაც ბაგაში ეძინა.

მწყემსებს გული სიხარულით ჰქონდათ სავსე, რადგან პატივი ერგოთ, პირველებს ეხილათ ნანატრი მესია _ მხსნელი, იესო, ძე ღვთისა!..

კითხვები:

1) ვინ იყვნენ ღამით მინდორში? რას აკეთებდნენ ისინი იქ?

2) ვინ დაავალა ანგელოზებს მწყემსებთან საუბარი? რა უთხრა მან მათ?

3) რაზე იყო ანგელოზების სადიდებელი გალობა?

4) დაიჯერეს მწყემსებმა ანგელოზის ნათქვამი? მათ სწრაფად წასვლა გადაწყვიტეს თუ დილამდე დაცდა?

52. მწყემსები მინდორში00:00 / 03:40