ჩვილი ბაგაში

ჩვილი ბაგაში

ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 2:1-7

რომის იმპერიის პირველ კეისარს, ოქტავიანე ავგუსტუსს, მოუნდა მოსახლეობის აღწერის ჩატარება მთელ იმპერიაში. იმპერატორმა გასცა ბრძანება, რომ იუდეის ყველა მცხოვრებელი მისულიყო იმ ადგილას, საიდანაც მათი მშობლები იყვნენ წარმოშობით.

იოსები და მარიამი მაშინ ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ.

_ შენ იცი, რომ ჩემი ოჯახი წარმოშობით ბეთლემიდან არის, _ უთხრა იოსებმა მარიამს. მე ვარ მეფე დავითის შორეული ნათესავი, რომელიც მრავალი საუკუნის წინ მართავდა ქვეყანას. ამიტომ მეც იქ უნდა გავემგზავრო.

_ ჩვეულებრივ მდგომარეობაში ეს მგზავრობა საერთოდ არ შემაწუხებდა, _ ამოიოხრა მარიამმა, _ მაგრამ შენ ხომ იცი, რომ მალე ბავშვს გავაჩენ... და არ იქნება კარგი, თუ სხვა მხარეში დაიბადება.

_ მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, მარიამ, _ ამშვიდებდა მას იოსები. _ ანგელოზმაც ხომ თქვა, რომ ბავშვი, რომელსაც შენ გააჩენ, ღვთის ძე იქნება. ღმერთი იზრუნებს ჩვენზე.

ასე გაუდგნენ გზას მარიამი და იოსები. მათი მგზავრობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. როგორც იქნა, მიაღწიეს ბეთლემამდე და დაღლილმა მგზავრებმა დაიწყეს ღამის გასათევი ადგილის ძებნა.

_ მაპატიეთ, _ მიმართა იოსებმა სასტუმროს მეპატრონეს, რომელიც წინ და უკან დარბოდა, _ შეგვიძლია აქ ოთახის დაქირავება?

_ ვწუხვარ, _ უპასუხა მეპატრონემ, _ ყველა ადგილი დაკავებულია.

_ ყველაფერი დაკავებულია? სადღა გავათევთ ღამეს?.. შემთხვევით, რამე მცირე სათავსო ხომ არ გაქვთ? იცით, ჩემმა ცოლმა მალე უნდა იმშობიაროს, შეიძლება ეს უკვე ამაღამ მოხდეს...

_ ვწუხვარ. სიხარულით დაგეხმარებოდით თქვენ და თქვენს მეუღლეს, მაგრამ ყველა ადგილი დაკავებულია.

შეშინებულმა მარიამმა ხელი ჩასჭიდა იოსებს:

_ კი მაგრამ, ღია ცის ქვეშ ხომ არ დავრჩებით?! თანაც გარეთ საკმაოდ ცივა, ჩემი შვილის გამო ვღელავ, უპირველესად!

მეპატრონე უფრო ახლოს მივიდა მათთან.

_ სინამდვილეში, სულაც არ მოგიწევთ გარეთ დარჩენა. ეზოს სიღრმეში მაქვს ბოსელი, სადაც შეძლებთ თივაზე მოკალათებას, ცხოველები კი გაგათბობენ.

_ გმადლობთ გულისხმიერებისთვის! _ მადლობა გადაუხადეს მას მარიამმა და იოსებმა.

ღამით კი უცნაური რამ მოხდა: ძე ღვთისა, რომელმაც შექმნა სამყარო და ხელთ უპყრია მთელი ქმნილება, პატარა, უსუსურ ბავშვად გარდაისახა და ბოსელში თივაზე იწვა. გარეგნობით ჩვილზე ვერავინ იტყოდა, რომ ის იყო ღვთის ძე. მარიამმა იგი ჩააწვინა ბაგაში, საიდანაც ძროხები და ვირები ჭამდნენ თივას. ახლა კი მასში ბავშვი ფართხალებდა და ტიროდა ზუსტად ისევე, როგორც სხვა ჩვილები. იოსებმა შეხედა მარიამს და უთხრა:

_ გახსოვს, რა გითხრა ამ ბავშვის შესახებ ანგელოზმა? ეს ძნელი დასაჯერებელია, ის ხომ ისეთი პატარაა და აქაც ისეთი სიღარიბე იგრძნობა.

_ და მაინც, ეს სიმართლეა, იოსებ, _ ჩაილაპარაკა მარიამმა, _ და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ღმერთმა თქვა.

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. ვინ იყო რომის ძლევამოსილი იმპერატორი?

  2. სად უნდა წასულიყვნენ იუდეველები?

  3. რომელ `მდიდარ სასტუმროში~ დაიბადა იესო?

51. ჩვილი ბაგაში00:00 / 04:19