ბელშაცარის ნადიმი

ბელშაცარის ნადიმი

ბიბლია, დანიელის წიგნი, თავი მე-5

ნაბუქოდონოსორის სიკვდილის შემდეგ, ბაბილონის მეფე გახდა ბელშაცარი. მას იმდენად უყვარდა ქეიფი და დროის უქმად გატარება, რომ სასახლეში დიდი ნადიმი მოაწყო იმ დროს, როცა მტრებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული ბაბილონისთვის.

ათასობით წარჩინებული მივიდა ნადიმზე, რომელზეც ღვინო მდინარესავით მოედინებოდა. ძლიერი თრობისას ბელშაცარმა ბრძანა, შემოეტანათ ოქროს და ვერცხლის ის ჭურჭლეული, რომლებიც თავის დროზე ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმის ტაძრიდან. მეფემ და დიდგვაროვნებმა დაიწყეს ღვინის სმა ამ წმინდა ჭურჭლიდან და ადიდებდნენ თავიანთი კერპების ძალას, რადგან ეგონათ, რომ ისინი დაიცავდნენ მათ მტრებისგან.

უცებ დარბაზში საზარელი სიჩუმე ჩამოვარდა. მეფე და მისი სტუმრები გაოგნებულნი უყურებდნენ ერთ-ერთ კედელს, რომელზეც ადამიანის ხელის მტევანი წერდა საიდუმლო სიტყვებს. მეფე გაფითრდა და მუხლები აუკანკალდა. მან ჯერ კიდევ არ იცოდა კედელზე დაწერილის მნიშვნელობა, მაგრამ მისთვის ნათელი იყო, რომ ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოასწავებდა მისთვის.

მან სასწრაფოდ ბრძანა ბაბილონელ ბრძენთა და ჯადოქართა მიყვანა მასთან. მეფე ბელშაცარი დიდ ჯილდოს დაჰპირდა მას, ვინც გამოიცნობდა დაწერილის მნიშვნელობას, თუმცა ამის გაკეთება ვერავინ შეძლო. მაშინ მეფის დედამ თქვა, რომ სამეფოში არის ადამიანი, დანიელი, რომელშიც ცოცხალი ღმერთის სულია დავანებული. თავის დროზე ჯერ კიდევ ნაბუქოდონოსორმა დაადგინა იგი თავისი ქვეყნის ყველა ბრძენის მეთაურად.

მენე, მენე, თეკელ, უფარსინ

მაშინ, როდესაც დანიელი ბელშაცართან მიიყვანეს, მეფემ თქვა:

_ მე გამიგია, რომ შენ ბრძენი და გონიერი ხარ და ღვთის სულია შენში. ბაბილონელმა ბრძენკაცებმა ვერ შეძლეს ამ სიტყვების მნიშვნელობის ახსნა. თუ შენ შეძლებ ამას, დიდ ჯილდოს მიიღებ.

მაშინ დანიელმა უპასუხა:

_ საჩუქრები შენვე გქონდეს, ძღვენი კი სხვას მიეცი! მე ყოველივე ამის გარეშე წავიკითხავ ამ სიტყვებს.

დანიელმა განაგრძო:

_ ღმერთი მბრძანებლობს ყველა მეფესა და ქვეყანაზე. მაგრამ შენ, ბელშაცარ, არ დაუმორჩილე გული უფალს, პირიქით, ქედმაღლურად შენ, შენი წარჩინებულები და შენი ცოლები სვამდით საღვთო ჭურჭლით და ადიდებდით ოქროს, ვერცხლის, ხის თუ ქვის ცრუღმერთებს და კერპებს, რომლებიც ვერ ხედავენ და ვერც ესმით მათ. ღმერთი კი, რომელმაც გიბოძა სიცოცხლე და ხელთ აქვს შენი გზები, არ განადიდე. ამიტომაც მოავლინა მან ხელი და დაწერა: მენე, მენე, თეკელ, უფარსინ. და აი, ამ სიტყვების მნიშვნელობა: `დათვალა ღმერთმა შენი მეფობის წლები და დაასრულა იგი. შენ აგწონეს და ძალიან მსუბუქი აღმოჩნდი. გაყოფილია შენი სამეფო და გადაცემულია მიდიელებისა და სპარსელებისთვის~.

იმავე ღამეს ბელშაცარი მოკლეს, ბაბილონი კი დაიპყრო სპარსეთის მეფე კიროსმა. ასე შეწყვიტა არსებობა ბაბილონის უძლიერესმა სამეფომ.

კითხვები:

1) რას აკეთებდა მეფე ბელშაცარი ბაბილონის ალყის დროს?

2) რომელი ჭურჭლით სვამდნენ ღვინოს ნადიმობისას?

3) რა მოვლენა იხილეს ბელშაცარმა და მისმა სტუმრებმა? ვინ განუმარტა მათ ეს სიტყვები?

4) რა იყო ბელშაცარის მთავარი პრობლება? რა დაემართა მას?

46. ბელშაცარის ნადიმი00:00 / 04:19