დანიელი ლომების ხაროში

დანიელი ლომების ხაროში

ბიბლია, დანიელის წიგნი, თავი მე-6

მიდიელებისა და სპარსელების ბრძანებანი იმით გამოირჩეოდა, რომ მათი გადათქმა არავის შეეძლო. თვით მეფეს, რომელმაც ხელი მოაწერა ბრძანებას, არ ძალუძდა მისი დარღვევა. დანიელმა მალევე გაიგო ახალი ბრძანებულების შესახებ. მიუხედავად ამისა, იგი, როგორც ყოველთვის, აგრძელებდა დღეში სამჯერ მუხლის მოყრით ლოცვას ღმერთის წინაშე. ოთახის ფანჯრები, სადაც დანიელი ლოცულობდა ხოლმე, ღია იყო და გარეთ მყოფ წარჩინებულებს ესმოდათ მისი ხმა. მსახურები შეიჭრნენ დანიელის ოთახში და შეიპყრეს იგი.

მალე ისინი მეფის წინაშე აღმოჩნდნენ და მოახსენეს მას ყველაფერი, რაც ნახეს და გაიგონეს. მეფე ძალიან გაბრაზდა.

_ ეს შეუძლებელია! _ წამოიძახა მან. _ თქვენ არ გაქვთ უფლება, ცილი დასწამოთ ჩემს საუკეთესო მსახურს, მე არ დავუშვებ ამას!

_ დიდო მეფეო, ჩვენ არ გვინდა ვინმესთვის ცუდის გაკეთება! _ გაბედა თქმა ერთ-ერთმა მათგანმა. _ უბრალოდ ამას ითხოვს კანონი.

_ ტყუი! _ დაიყვირა მეფემ. _ თქვენ გინდათ დანიელის განადგურება და ამიტომაც მომაწერინეთ ხელი ამ განკარგულებაზე! თავიდან მომშორდით!

დარიოსი სასოწარკვეთილი იყო. მთელი დღე ფიქრობდა და ეთათბირებოდა თავის მრჩევლებს და მეგობრებს. თუმცა არავინ იცოდა, როგორ უნდა აევლოთ გვერდი ამ ბრძანებისთვის. დათრგუნული მეფე მივიდა დანიელთან, რომელიც უკვე იდგა ლომებით სავსე დიდ ორმოსთან. როდესაც დამნაშავეს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ, ლომებს რამდენიმე დღის განმავლობაში არ აჭმევდნენ, რომ ისინი რაც შეიძლება უფრო მრისხანენი ყოფილიყვნენ.

გულდამძიმებულმა დარიოსმა ხელი დაადო დანიელს მხარზე და უთხრა:

_ ახლა კი ღმერთმა გიშველოს, რომელსაც ასე ერთგულად ემსახურები. მე ვერაფერს გავაწყობ...

და მეფემ მისცა ნიშანი, რომ იგი ჩაეგდოთ ხაროში. მთელი დღე უხასიათოდ იყო დარიოსი, არაფერს ჭამდა და ვერც ღამით ვერ დაიძინა. როგორც კი მზე ამოვიდა, სასწრაფოდ გაემართა თხრილისკენ.

_ დანიელ! _ დაუძახა მას მეფემ აკანკალებული ხმით. _ დანიელ, ცოცხალი ხარ? გადაგარჩინა შენმა ღმერთმა?

ლომების ხაროდან გაისმა დანიელის მშვიდი ხმა:

_ დიახ, ჩემო მეფეო! ღმერთმა მომივლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც პირი აუკრა ლომებს და მათ ვერაფერი დამაკლეს.

დანიელი მაშინვე ამოიყვანეს თხრილიდან, ის სავსებით უვნებელი იყო. მეფე ენით აღუწერელ სიხარულსა და დიდ შვებას გრძნობდა. სასახლეში დაბრუნებისას მან ბრძანა, რომ სასწრაფოდ ჩაეყარათ ლომებთან დანიელის მოშურნეები. შემდეგ კი მისწერა თავის ნაცვლებს მთელ ქვეყანაში:

_ ვბრძანებ, რომ ჩემი სამეფოს ყველა მცხოვრებმა პატივი მიაგოს დანიელის ღმერთს, რადგან ის ცოცხალი ღმერთია. მას შეუძლია ადამიანის გადარჩენა და სასწაულების მოხდენა. მისი სამეფო ჩემსაზე ბევრად დიდია და იგი ყოველთვის იარსებებს.

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. რა გააკეთა დანიელმა, როცა დარიოსის ახალი ბრძანების შესახებ გაიგო?

  2. რა უთხრა დარიოსმა დანიელს მანამ, სანამ მას ლომებთან ჩააგდებდნენ?

  3. როგორი განკარგულება გამოსცა დარიოსმა დანიელის გადარჩენის შემდეგ?

48. დანიელი ლომების ხაროში00:00 / 04:05