
გავარვარებული ღუმელი
ბიბლია, დანიელის წიგნი, თავი მე-3
მეფე ნაბუქოდონოსორმა მალევე დაივიწყა, რომ დანიელის ღმერთი არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. მან ოქროს კერპის შექმნა ბრძანა, რათა ყველას ეცა მისთვის თაყვანი. დიდი ნადიმი გამართეს. მოიპატიჟეს უამრავი ხალხი, მათ შორის დანიელის მეგობრები. გამოაცხადეს, რომ როცა საკრავების ხმას გაიგონებდნენ, ყველა უნდა დამხობილიყო და თაყვანი ეცა ამ კერპისთვის, ხოლო ვინც ამას არ გააკეთებდა, ცეცხლოვან ღუმელში იქნებოდა ჩაგდებული.
დაიწყო ზეიმი, დაუკრეს საკრავებზე, ყველა მუხლებზე დაეცა და თაყვანი სცა ოქროს კერპს. ასე მოიქცა ყველა, სამი იუდეველი ჭაბუკის გარდა. მსახურებმა აცნობეს ეს ამბავი მეფეს. განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა მათი მოყვანა ბრძანა და პირობა წაუყენა:
_ ან თაყვანს სცემთ ოქროს კერპს, ან გავარვარებულ ღუმელში აღმოჩნდებით! რომელი ღმერთი შეძლებს მაშინ, რომ ჩემი ხელიდან გიხსნათ?!
შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ უთხრეს მეფეს:
_ ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია, რომ გვიხსნას ცეცხლოვანი ღუმლიდან და შენი ხელიდანაც, მეფეო; მაგრამ რომც არ მოინდომოს მან ჩვენი გადარჩენა, მაინც არ ვცემთ თაყვანს ოქროს კერპს.
ამ სიტყვების საპასუხოდ, ნაბუქოდონოსორმა ბრძანა, ჩვეულებრივზე შვიდჯერ უფრო მაგრად გაეხურებინათ ღუმელი. ყველაზე ღონიერ მეომრებს უბრძანეს, გაეკოჭათ ჭაბუკები და ჩაეყარათ ისინი ღუმელში. ღუმლიდან ისეთი მხურვალება გამოდიოდა, რომ ის მეომრები, რომელთაც ღუმელში ჩაყარეს შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო, დაიხოცნენ; გაკოჭილი ჭაბუკები კი ღუმელში ჩაცვივდნენ.
მეფე თვალყურს ადევნებდა მომხდარს და დიდად გაოგნებული იყო იმით, რაც ღუმელში ხდებოდა. ის ვერაფრით ხსნიდა ამას და თავის მრჩევლებს ჰკითხა:
_ განა სამი გაკოჭილი ყმაწვილი არ ჩავყარეთ ღუმელში?
_ დიახ, _ დაუდასტურეს მათ.
_ მაგრამ მე ვხედავ, რომ ოთხნი დადიან შუაგულ ცეცხლში თავისუფლად, ხელფეხგახსნილნი! და მეოთხე ისე გამოიყურება, როგორც ღვთის ძე, _ წარმოთქვა ნაბუქოდონოსორმა.
ის მივიდა ღუმელთან და დაიძახა:
_ შადრაქ, მეშაქ, ყაბედ-ნეგო, უზენაესი ღმერთის მსახურნო! გამოდით! მოდით აქ!
მაშინ ის სამი გამოვიდა ღუმლიდან და მეფესთან მივიდა. მეფის გარემოცვიდან ყველამ დაინახა, რომ ცეცხლმა თმაც კი არ შეუტრუსა მათ, ტანსაცმელიც უვნებელი ჰქონდათ და ნამწვის სუნიც კი არ ასდიოდათ. ეს დიდი სასწაული იყო, რადგან ძლიერი მეომრები დაიღუპნენ იმის გამო, რომ მხოლოდ მიუახლოვდნენ ღუმელს.
ნაბუქოდონოსორი კი იძულებული გახდა, ეღიარებინა იმ ღმერთის ძლევამოსილება, რომელსაც იუდეველი ჭაბუკები სცემდნენ თაყვანს.
მან გულწრფელად აღიარა:
_ კურთხეულია შადრაქის, მეშაქის და ყაბედ-ნეგოს ღმერთი, რომელმაც მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეხსნა თავისზე მინდობილი მსახურები. ისინი მზად იყვნენ, სიცოცხლე დაეთმოთ, რათა არ ეცათ თაყვანი უცხო ღმერთისთვის!
ნაბუქოდონოსორმა აღადგინა ისინი ძველ თანამდებობებზე და დიდი პატივიც მიაგო მათ.
კითხვები:
1) როგორი ბრძანება გასცა ნაბუქოდონოსორმა?
2) რატომ თქვეს უარი დანიელის მეგობრებმა ოქროს კერპისთვის თაყვანისცემაზე?
3) როგორ იხსნა ისინი ღმერთმა? რა თქვა ნაბუქოდონოსორმა, როცა მათი გადარჩენა იხილა?