
დანიელი და მისი მეგობრები
ბიბლია, დანიელის წიგნი, თავი 1-ელი
ნაბუქოდონოსორის კარზე ცხოვრობდა რამდენიმე ჭაბუკი, რომლებიც იყვნენ სამეფო და სათავადო ოჯახებიდან. მეფეს მათ მიმართ განსაკუთრებული გეგმები ჰქონდა. მან გადაწყვიტა, ესწავლებინა მათთვის სამი წლის განმავლობაში, რომ კარგად სცოდნოდათ ქალდეველთა ენა და სხვადასხვა მეცნიერება, რათა მომავალში დახმარებოდნენ მას უზარმაზარი იმპერიის მართვაში. ჭაბუკებს ერქვათ დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია. მაგრამ იმისთვის, რომ მათ დაევიწყებინათ იუდეური წარმომავლობა, სახელებიც შეუცვალეს ბაბილონურით და ბელტეშაცარი, შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო უწოდეს.
მეგობრებს, ტყვეობის მიუხედავად, კვლავ სწამდათ ღმერთის და ლოცულობდნენ მის წინაშე. თავიდანვე, სასიკვდილო საფრთხის მიუხედავად, გადაწყვიტეს, არ წაბილწულიყვნენ სამეფო სუფრაზე არსებული საჭმლითა და ღვინით.
ღმერთმა დაუფასა ჭაბუკებს სიმამაცე და ერთგულება და უბოძა მათ სიბრძნე, ცოდნა და სწავლის უნარი. ასევე, ისინი დამშვენებულნი იყვნენ გამორჩეული გარეგნობით.
დანიელმა ღმერთისგან მიიღო განსაკუთრებული ნიჭი _ ღვთის სულის დახმარებით მას შეეძლო სიზმრებისა და ჩვენებების ახსნა.
ერთხელ მან ნაბუქოდონოსორს განუმარტა სიზმარი. მეფე გაოცებული იყო ამით, მაგრამ დანიელმა უთხრა, რომ ეს ნიჭი არ იყო მისი დამსახურება. მას ღმერთისგან ჰქონდა ბოძებული აღნიშნული უნარი. ნაბუქოდონოსორმა განადიდა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც დანიელი სცემდა თაყვანს.
კითხვები:
1) ვინ დაასახლა ნაბუქოდონოსორმა თავის სასახლეში? რა ერქვათ მათ?
2) როგორი გეგმა ჰქონდა მას ჭაბუკებთან დაკავშირებით?
3) რა გადაწყვეტილება მიიღეს ჭაბუკებმა?