ტყვეობა

ტყვეობა

ბიბლია, მეფეთა მე-4 წიგნი, თავი 24-ე

სამას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სოლომონი მართავდა დიდ და მდიდარ ქვეყანას.

მისი სიკვდილის შემდეგ სამეფო ორ ნაწილად გაიყო. მთავარ ქალაქად კვლავ იერუსალიმი რჩებოდა. იქ იმყოფებოდა სამეფო სასახლე და რაც მთავარია, იქ იდგა სოლომონის მიერ აშენებული ტაძარი. ამიერიდან ამ მიწას ეწოდებოდა იუდეა.

სამწუხაროდ, მეფეც და ხალხიც ასცდნენ ღვთის გზას, არ იცავდნენ მის მცნებებს და დაიწყეს უცხო ხალხთა ღმერთებისა და კერპების თაყვანისცემა. ღვთის წინასწარმეტყველები მოუწოდებდნენ ხალხს მონანიებისკენ, მაგრამ მათ არავინ უსმენდა, რის გამოც ღმერთის სასჯელი დაატყდათ თავს და ქვეყანა ბაბილონელებმა დაიპყრეს.

ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, იუდეველთა ყველაზე საშიში მტერი იყო. იგი მიადგა თავისი ჯარით იერუსალიმს, დაატყვევა მეფე, ტაძრიდან გაზიდა ოქროსა და ვერცხლის ყველა ჭურჭელი და ბაბილონში არსებულ წარმართულ ტაძარში შეიტანა. ბაბილონელებმა არა მხოლოდ ტაძრიდან, არამედ სოლომონის სასახლიდანაც წაიღეს მთელი განძი. გაძარცვის შემდეგ მათ გადაწვეს სასახლე, ტაძარი და წარჩინებულ იუდეველთა სახლები.

ნაბუქოდონოსორმა ტყვედ წაიყვანა ჭაბუკები, მეფისა და თავადთა შვილები, შვიდი ათასი საუკეთესო მეომარი, ასევე ყველა ხურო და მჭედელი.

ასე გადაიქცა იუდეა და იერუსალიმი ბაბილონის ქვეშევრდომად. ღმერთმა ასე აღასრულა სამართალი თავის ურჩ და ცოდვილ ხალხზე. ტყვეობაში მყოფ ისრაელიანებს უნდა გაეცნობიერებინათ, რომ უფალი არის ჭეშმარიტი ღმერთი და არა კერპები და ცრუღმერთები.

კითხვები:

1) იყვნენ თუ არა ღვთის ერთგულნი ისრაელიანნი?

2) ვინ აღმოჩნდა იუდეის მთავარი მტერი?

3) როგორ მოექცნენ ბაბილონელები იერუსალიმს?

43. ტყვეობა00:00 / 02:43