
ნინევეს მცხოვრებთა მონანიება
ბიბლია, იონას წიგნი, თავები: მე-3, მე-4
რამდენიმე კვირის შემდეგ, იონა დიდი ქალაქის ქუჩებში დააბიჯებდა და ქადაგებდა იმას, რაც ღმერთმა დაავალა მას:
_ ორმოც დღეში ნინევე განადგურდება!
საოცარია, მაგრამ მას არავინ დასცინოდა. არავინ დასხმია თავს და არც დამუქრებიან. პირიქით, ხალხს სჯეროდა მისი. მოსმენილი განაჩენი სამართლიანი იყო: ისინი ბევრ ხალხთან იბრძოდნენ, მრავალი ბოროტება ჰქონდათ ჩადენილი და ხვდებოდნენ, რომ ამდენი ბოროტება არ დარჩებოდა დაუსჯელი.
მეფემაც გაიგო იონას წინასწარმეტყველებისა და მოსალოდნელი სასჯელის შესახებ.
_ ყველამ ილოცოს და იმარხულოს, _ ბრძანა მან. _ იქნებ ღმერთმა გვაპატიოს. ხოლო მორჩილებისა და სინანულის ნიშნად არავინ ჩაიცვას ძვირფასი ტანსაცმელი, არამედ ჯვალოთი შეიმოსონ.
ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, იონა ქალაქის წინ არსებულ ერთ-ერთ ბორცვზე იჯდა და ელოდებოდა, რომ ნინევე დაინგრეოდა, მაგრამ არაფერი მომხდარა. დღე იწურებოდა, ნინევე კი კვლავ იდგა. იონა გაბრაზდა. რატომღა უქადაგებდა იგი ღვთის მოახლოებულ სასჯელზე? სამართლიანი იქნებოდა, რომ ქალაქის ბოროტი მცხოვრებლები დაღუპულიყვნენ.
ბორცვზე, სადაც იონა იყო გაჩერებული, ძალიან ცხელოდა და მას ესეც აღიზიანებდა; მაგრამ როცა დილით გაიღვიძა, დაინახა ახლოს ამოსული დიდფოთლებიანი მცენარე. მისი ფოთლების ჩრდილში იონამ თავი უკეთესად იგრძნო.
ღმერთმა მოაწყო ამგვარად, რომ ასე მალე ამოსულიყო მცენარე, მაგრამ მეორე დღეს, ღმერთის ნებით, ეს მცენარე გახმა.
იონა ისე დაღონდა ამის გამო, რომ მზად იყო, მომკვდარიყო.
მაშინ ღმერთმა უთხრა:
_ ხომ ხედავ, შენ იმ მცენარეზე დარდობ, რომელიც არც დაგირგავს და არც მოგირწყავს. მაშ, მე რატომ არ უნდა შემეცოდოს ნინევე, სადაც ამდენი ხალხი ცხოვრობს?
მაშინ იონა მიხვდა, თუ რაოდენ მომთმენი და მოწყალეა ღმერთი და როგორი სულგრძელობით შეუნდობს ხალხს ცოდვებს.
კითხვები:
1) რას ქადაგებდა იონა ნინევეში?
2) როგორ გამოეხმაურნენ ნინევეს მცხოვრებნი იონას წინასწარმეტყველებას?
3) როგორ მოექცა ღმერთი ნინევეს?