
იონა და მისი გაქცევა
ბიბლია, იონას წიგნი, თავები: 1-ელი, მე-2
უძველეს დროს, იმისთვის, რომ თავისი სიტყვა გადაეცა მეფეებისთვის ან სულაც მთელი ერისთვის, ღმერთი ირჩევდა განსაკუთრებულ ადამიანებს _ წინასწარმეტყველებს. მათ უნდა შეესრულებინათ უფლის დავალება. ერთ-ერთი ასეთი წინასწარმეტყველი გახლდათ კაცი, სახელად იონა.
ერთხელ ღმერთმა მისცა მას უცნაური დავალება.
_ იონა, _ თქვა ღმერთმა, _ გაემართე ნინევეში და იქადაგე იქ!
თავიდან იონამ იფიქრა, რომ მოესმა. ნინევეში? ნინევე გახლდათ ასურეთის ყველაზე დიდი ქალაქი. ასურეთი კი დიდი და ძლევამოსილი მეზობელი იყო ისრაელისთვის. ამ ქალაქში ქადაგება შეუძლებელია! ქვეყნის მოქალაქეები სასაცილოდ აიგდებენ მას და შეიძლება სიკვდილამდეც კი სცემონ.
_ არა, გადაწყვიტა იონამ, _ ნინევეში არავითარ შემთხვევაში არ წავალ! ღმერთის დავალებისთვის თავის არიდების მიზნით, იგი უცხო ქვეყანაში გაემგზავრა. იონამ გადაიხადა მგზავრობის საფასური და ავიდა გემზე.
თავიდან არაფერი მოასწავებდა ხიფათს. შემდეგ კი, როცა ღრმად შეცურეს ზღვაში, ამოვარდა ძლიერი ქარიშხალი. ტალღები სულ უფრო და უფრო მაღლა იწევდა. მეზღვაურები შიშით უყურებდნენ აბობოქრებულ ზღვას, ბოლოს კი, როცა მიხვდნენ, რომ გემი მალე ჩაიძირებოდა, დაუწყეს თხოვნა თავიანთ ღმერთებს:
_ გვიშველეთ, ღმერთებო! შეისმინეთ ჩვენი ლოცვა!
ქარიშხალი კი კვლავ ბობოქრობდა. იონა რაღას აკეთებდა? ის ხომ იცნობდა ცოცხალ ღმერთს? განა ის არ ლოცულობდა სხვებთან ერთად? არა, რადგან მას არ უნდოდა, თავი შეეხსენებინა ღმერთისთვის. იონა ჩავიდა გემის სიღრმეში, დაწვა იქ და დაიძინა. და აი, მასთან მივიდა გემის კაპიტანი და გააღვიძა იგი.
_ ადექი და ილოცე შენი ღმერთის მიმართ, თუკი გყავს იგი! განა ვერ ხედავ, რომ ვიღუპებით?!
იონა ეჭვობდა, რომ ამ ქარიშხალს რაღაც აკავშირებდა მის გაქცევასთან, მაგრამ მაინც არ უნდოდა ღმერთთან საუბარი.
გემბანზე მეზღვაურები იდგნენ.
_ მოდით, წილი ვყაროთ, _ წამოიძახა ვიღაცამ. _ იქნებ ასე გავარკვიოთ, ვის გამო ვისჯებით ამ ქარიშხლით.
წილი იონას ერგო.
_ ვინ ხარ და რა დააშავე, რომ ღმერთი ასე გსჯის და შენთან ერთად ჩვენც?
_ მე ცოცხალ ღმერთს ვემსახურები, რომელმაც შექმნა ცა, მიწა და ზღვა, _ თქვა იონამ. _ მაგრამ ახლა გავურბივარ მას. მან გამაგზავნა ნინევეში, მაგრამ მე არ მინდოდა იქ წასვლა.
მეზღვაურები გაჩუმდნენ, რადგან არ იცოდნენ, როგორ მოჰქცეოდნენ ამ კაცს.
_ მომკიდეთ ხელი და ზღვაში გადამაგდეთ! _ თქვა იონამ. _ მაშინ ქარიშხალი ჩადგება. რადგან ეს განსაცდელი მხოლოდ ჩემ გამო დაგატყდათ თავს.…
_ არა, _ თქვეს მეზღვაურებმა. _ ამის გაკეთება არ შეგვიძლია.
თუმცა როცა მიხვდნენ, რომ ყველა მათი მცდელობა უსარგებლო იყო, პატიება სთხოვეს იონას ღმერთს, რომელსაც საერთოდ არ იცნობდნენ, და ზღვაში გადააგდეს იონა.
ქარიშხალი მაშინვე ჩადგა. თავიდან მეზღვაურები ვერც კი იჯერებდნენ ამას, მაგრამ ბოლოს მუხლებზე დაეცნენ და თაყვანი სცეს ჭეშმარიტ ღმერთს.
იონას რაღა დაემართა? დაიხრჩო იგი?
არა! ღმერთს ხომ არ უნდოდა თავისი წინასწარმეტყველის დაღუპვა. მას სურდა, რომ იონას ნინევეში ექადაგა. ამიტომ ღმერთმა გაგზავნა დიდი თევზი, რომელმაც მთლიანად გადაყლაპა იონა. სამი დღე და სამი ღამე გაატარა იონამ თევზის მუცელში. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი ლოცულობდა. და ღმერთმა უბრძანა თევზს – ხმელეთთან ამოენთხია იონა.
`როგორი ძლევამოსილია ღმერთი! _ გაიფიქრა იონამ, როცა ნაპირზე აღმოჩნდა. _ მას შეუძლია, უბრძანოს ქარიშხლებს და ზღვის ცხოველებს, ისინი კი ემორჩილებიან მას~.
და ის დაუყოვნებლივ გაემართა ნინევესკენ.
კითხვები:
1) რატომ არ უნდოდა იონას ნინევეში წასვლა? სად და როგორ გაიქცა იგი?
2) რატომ ამოვარდა ქარიშხალი?
3) რატომ ჩადგა ქარიშხალი? როგორ აღმოჩნდა იონა ნაპირზე?