
შებას დედოფალი
ბიბლია, მეფეთა მე-3 წიგნი, თავი მე-10
ხმებმა სოლომონის დიდებასა და მის მიერ აშენებულ საოცარ ნაგებობებზე, შორეულ ქვეყნებამდე მიაღწია. ხალხი მიდიოდა იერუსალიმში, რათა ენახა ტაძარი და მოესმინა სოლომონის ბრძნული აზრები. მათ შორის იყო შებას დედოფალიც.
თვითონ ისიც ძალიან მდიდარი გახლდათ. ეს ჩანდა იმ საჩუქრებითაც, რომლებიც მან სოლომონს მიართვა. აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, ოქრო და ძვირფასი ქვები. მრავალი მონა იცავდა გზაში ამ სიმდიდრეს.
სოლომონმა მეფური დახვედრა მოუწყო დიდებულ სტუმარს. შებას დედოფალი სხვადასხვა კითხვას უსვამდა სოლომონს და საუბრობდა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა; და არ იყო არაფერი უცნობი, რასაც ვერ აუხსნიდა მას მეფე.
შებას დედოფალი დარწმუნდა სოლომონის სიბრძნეში; იხილა სახლი, რომელიც მეფემ ააშენა; აგრეთვე საკვები, მონების საცხოვრებელი, მსახურების ტანსაცმელი და სრულადდასაწვავი, რომელსაც სოლომონი სწირავდა ღმერთს. დედოფალი ვერ მალავდა თავის აღფრთოვანებას.
მან აღელვებით თქვა:
_ მართალია ყველაფერი, რაც შენი სიბრძნისა და სიმდიდრის შესახებ გამიგია, მაგრამ, სინამდვილეში, ეს იმის ნახევარიც არ ყოფილა! შენი სიბრძნე და საქმეები ბევრად აღემატება გაგონილს.
კურთხეულ იყოს ღმერთი, რომელიც კეთილგანწყობილია შენ მიმართ და რომელმაც მეფედ დაგადგინა! მან ეს გააკეთა ისრაელისადმი თავისი მარადიული სიყვარულის გამო!
კითხვები:
1) რატომ დაადგა შებას დედოფალი ასეთ შორეულ გზას?
2) რამ გააოცა იგი ისრაელში?
3) რა უთხრა მან სოლომონს?