
ტაძარი ღმერთისთვის
ბიბლია, მეფეთა მე-3 წიგნი, თავები: მე-5–მე-8
ღმერთმა აკურთხა სოლომონის მმართველობა. ქვეყანაში გაბატონდა კეთილდღეობა და მშვიდობა ყველა მეზობელ ხალხთან. მაგრამ სოლომონი იდგა დიდი გამოწვევის წინაშე, ეს გახლდათ ტაძრის მშენებლობა ღმერთისთვის.
ისრაელიანებმა ტაძრის მშენებლობა დაიწყეს ეგვიპტის დატოვებიდან ოთხას ოთხმოცი წლის შემდეგ. სოლომონმა მშვიდობა დაამყარა მამამისის მეგობარ ხირამთან, ტვიროსისა და ციდონის მეფესთან. ისინი შეთანხმდნენ, რომ ხირამი მათ ძვირფასი ხის მასალითა და ქვით მოამარაგებდა, ისრაელი კი, სანაცვლოდ, საკვებ პროდუქტებს გაუგზავნიდა. შვიდი წელი გრძელდებოდა ტაძრის მშენებლობა. ის შენდებოდა იმ გეგმის მიხედვით, რომელიც დავითმა დაუტოვა სოლომონს სიკვდილის წინ. ტაძრისთვის ადგილიც დავითმა მიუთითა მორიას მთაზე, სადაც ძალიან დიდი ხნის წინ აბრაამმა თავისი ერთგულება დაუმოწმა ღმერთს, რომელმაც სიცოცხლე შეუნარჩუნა ისაკს.
ტაძარი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა, რომლებსაც ეწოდებოდა `საწმინდარი~ და `წმიდათაწმიდა~. წმიდათაწმიდა ის ადგილი გახლდათ, სადაც აღთქმის კიდობანი იდგა. იგი სხვა სათავსოებზე მაღლა იმყოფებოდა და საწმინდარისგან ფარდაგით იყო გამოყოფილი.
წმიდათაწმიდას არ ჰქონდა ფანჯრები, ის ბნელი უნდა ყოფილიყო. ბიბლია ამ ადგილს უწოდებს `ღმერთთან საუბრის ადგილს~, რადგან იქ უხილავად იმყოფებოდა ღმერთი.
ტაძრის აშენების შემდეგ მოხდა მისი საზეიმო კურთხევა. სოლომონმა შეკრიბა ყველა უხუცესი და ისრაელის ყველა ტომის მეთაური, რათა შეეტანათ ტაძარში აღთქმის კიდობანი. როდესაც მღვდლებმა შეიტანეს კიდობანი წმიდათაწმიდაში, ღრუბელი დაეშვა და გაავსო მთელი ტაძარი.
ამ გზით ღმერთმა ყველას დაანახვა ხილული ნიშანი იმისა, რომ იგი იწონებს გაკეთებულს და ისრაელიან ხალხთან იმყოფება!
ახლა სოლომონმა უკვე იცოდა, რომ მის მიერ ჩატარებულ მშენებლობას იწონებდა ღმერთი.
კითხვები:
1) რატომ ეხმარებოდა სოლომონს მეფე ხირამი?
2) რამდენ ხანს გრძელდებოდა ტაძრის მშენებლობა?
3) რისთვის იყო საჭირო წმიდათაწმიდა?
4) რა მოხდა, როცა ტაძარში შეიტანეს აღთქმის კიდობანი?