სოლომონი ირჩევს სიბრძნეს

სოლომონი ირჩევს სიბრძნეს

ბიბლია, მეფეთა მე-3 წიგნი, თავები: მე-2, მე-3

სიკვდილის წინ მეფე დავითმა იერუსალიმში შეკრიბა ისრაელის ყველა ტომის მეთაური და უთხრა, რომ მას სურდა ღვთის კარვის ნაცვლად უფლის ტაძრის აშენება. მაგრამ ღმერთმა არ დაუშვა ეს, რადგან იგი ბევრს იბრძოდა.

_ ჩემი შვილი სოლომონი ააშენებს ამ ტაძარს. _ თქვა დავითმა. _ ღმერთი დამპირდა, რომ არ მიატოვებს მას და განამტკიცებს მის მეფობას, თუ ის შეასრულებს ღვთის მცნებებს.

დავითი მოუწოდებდა ყველას, დაეცვათ მცნებები და მთელი გულით ემსახურათ უფლისთვის. დავითის შვილებმა და დანარჩენმა ისრაელიანებმაც საზეიმოდ დაიფიცეს, რომ დაემორჩილებოდნენ სოლომონს, ახალ მეფეს.

ღმერთმა აკურთხა სოლომონი და ის ძლევამოსილი მეფე გახდა. მას პატივს სცემდნენ და უყვარდათ იგი არა მხოლოდ მის ქვეშევრდომებს, არამედ ისრაელის გარშემო მცხოვრებ ხალხებსაც.

თავისი მეფობის დასაწყისში სოლომონმა დიდი მორჩილებითა და მადლიერი გულით შესწირა მსხვერპლი ღმერთს. ღამით მას ღმერთი გამოეცხადა სიზმარში და უთხრა ახალგაზრდა მეფეს:

_ მთხოვე, რაც გსურს.

სოლომონმა თქვა:

_ შენ ყოველთვის იყავი მამაჩემის საყრდენი და მის შემდეგ მე დამაყენე მეფედ. მაგრამ მე ახალგაზრდა და გამოუცდელი ვარ, ამიტომ გთხოვ: უბოძე შენს მონას გულის სიბრძნე, რომ განვსაჯო შენი ხალხი და გავარჩიო, რა არის სიკეთე და რა – ბოროტება; რადგან ვინ შეძლებს შენი მრავალრიცხოვანი ხალხის მართვას?

ღმერთმა უპასუხა:

_ იმის გამო, რომ შენ სიბრძნე მთხოვე და არა სიმდიდრე ან დღეგრძელობა, შევასრულებ შენს თხოვნას. მეტიც, მოგცემ ისეთ სიმდიდრესა და დიდებას, როგორიც არ ჰქონია არცერთ მეფეს შენამდე და არც მომდევნო მეფეებს არ ექნებათ. და თუ დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ამას დავითი აკეთებდა, გავახანგრძლივებ შენი ცხოვრების წლებს.

გაიღვიძა სოლომონმა და მადლი შესწირა ღმერთს ყველა მისი დაპირებისთვის.

ერთხელ მეფესთან მივიდა ორი ქალი პატარა ბავშვით და განსჯა ითხოვა. ერთმა მათგანმა უამბო:

_ ჩვენ ერთ სახლში ვცხოვრობდით და ერთსა და იმავე დროს ვიმშობიარეთ. ერთ ღამეს ამ ქალის ვაჟი გარდაიცვალა. როდესაც ის მიხვდა ამას, სანამ მე მეძინა, წაიყვანა ჩემი შვილი, თავისი მკვდარი შვილი კი მე მომიწვინა.

ამაზე მეორე ქალმა თქვა: _ არა, ეს ჩემი შვილია ცოცხალი, შენი კი – მკვდარი. და გააგრძელეს კამათი მეფის თვალწინ.

ეს რთული საკითხი იყო და ყველა ელოდა მეფის გადაწყვეტილებას. სოლომონმა უბრძანა თავის მსახურს:

_ მოიტანე მახვილი, გაკვეთე შუაზე ცოცხალი ბავშვი და ნახევრები მიეცი ამ ქალებს!

და დაიყვირა ცოცხალი ბავშვის დედამ:

_ ჩემო ბატონო! მიეცით მას ცოცხალი ბავშვი! ოღონდ ნუ მოკლავთ მას!

მეორემ კი თქვა:

_ ნურც შენ ნუ გეყოლება და ნურც მე, გაკვეთეთ!

სწორედ ასე გაარკვია მეფემ, ვინ იყო ბავშვის დედა. ამიტომაც მიიღო დედამ ცოცხალი ბავშვი.

და გაიგო მთელმა ისრაელმა, რა ჭკვიანურად განსაჯა მეფემ ეს საკითხი და კიდევ უფრო მეტად სცემდნენ პატივს, რადგან დარწმუნდნენ, რომ მას ღმერთისგან ჰქონდა ბოძებული სიბრძნე, რათა აღესრულებინა სამართალი.

კითხვები:

1) რატომ არ უნდოდა ღმერთს, რომ დავითს აეშენებინა მისთვის ტაძარი?

2) რას სთხოვდა სოლომონი ღმერთს?

3) როგორ განსაჯა სოლომონმა ქალების დავა?

38. სოლომონი ირჩევს სიბრძნეს00:00 / 04:15