
გამოქვაბული
ბიბლია, მეფეთა 1-ელი წიგნი, თავი 24-ე
ამიერიდან დავითი იძულებული იყო, მუდმივად ეძებნა თავშესაფარი. სადაც არ უნდა გამოჩენილიყო, მას მალევე ცნობდნენ და ეს ამბავი სწრაფად ვრცელდებოდა. თუმცა დავითის გარშემო სულ უფრო მეტი მეომარი იყრიდა თავს.
ერთხელ ისინი ისხდნენ გამოქვაბულის წინ და დაინახეს მათკენ მომავალი დიდი ჯარი.
_ ეს საულია, თქვა დავითმა. _ ის მეძებს, რომ მომკლას. დაიმალეთ!
მისი მეომრები სწრაფად დაიმალნენ გამოქვაბულში. დარაჯიც მალევე გაჰყვა მათ.
_ თვით მეფე მოდის აქ, _ წამოიძახა მან აღელვებით. _ ეს შენი შანსია, დავით! შენ შეგიძლია მისი მოკვლა! ის მარტოა და ვერ გაგიწევს წინააღმდეგობას. მაშინ კი სამი ათასი მეომარი დაგემორჩილება.
_ წყნარად! – გააწყვეტინა მას დავითმა.
ყველა გაჩუმდა. დაძაბულნი უცქერდნენ ისინი სიბნელეში გვირაბის შესასვლელს. ბოლოს გამოჩნდა საული, სამეფო ტანსაცმლით შემოსილი.
_ აქ დარჩით! _ თქვა დავითმა და ჩუმად წაიწია წინ.
სწორედ აქ გაქრა საული თვალთახედვის არიდან წინ გაშვერილი კლდის გამო. მართლაც, როცა დავითი ხოხვით მიუახლოვდა ამ შვერილს, დაინახა საულის ტანსაცმლის ნაწილი. თავისი ბასრი მახვილით მან მოაჭრა მას სამოსის კიდე და ასევე ჩუმად გაბრუნდა უკან.
_ რატომ არ მოკალი საული? _ ჰკითხეს მას მხლებლებმა.
_ ღმერთმა დაადგინა იგი მეფედ. მე არ მოვკლავ იმას, ვინც ღმერთმა აირჩია, _ უპასუხა დავითმა.
_ კი მაგრამ, ღმერთმა ხომ უარი თქვა მასზე და შენ აგირჩია?
_ დიახ, _ თქვა დავითმა, _ ამიტომ ღმერთი თვითონ იზრუნებს იმაზე, რომ მის მიერ დადგენილ დროს გავხდე მეფე. მე არ უნდა ავიღო ეს საქმე საკუთარ ხელში.
ყველა უყურებდა გასასვლელს. მეფე გავიდა გამოქვაბულიდან.
_ აქ დარჩით! _ ბრძანა დავითმა და უკან გაჰყვა საულს.
განათებულ ადგილზე როდესაც გავიდა, დაინახა, რომ საული უკვე დაბლა იყო ჩასული თავის მეომრებთან.
_ ჩემო მეფეო და ბატონო! _ შესძახა დავითმა და თავი დაუკრა საულს იმის ნიშნად, რომ იგი პატივს მიაგებდა მას, როგორც მეფეს. _ რატომ ფიქრობ, რომ ბოროტი განზრახვა მაქვს შენ წინააღმდეგ? სულ ახლახან მქონდა საშუალება _ მომეკალი.
და დავითმა მაღლა ასწია მეფის ტანსაცმლიდან მოჭრილი კიდე. მართლაც, საულმა შეშინებულმა დაიხედა ტანსაცმელზე და დაინახა იქიდან მოჭრილი კიდის კვალი. საული ატირდა.
_ შენ ჩემზე მართალი ხარ! _ თქვა მან აკანკალებული ხმით. _ ამ საქციელით ნამდვილად დაამტკიცე, რომ ჩემთვის სიკეთე გემეტება, მე კი ბოროტი მქონდა განზრახული შენ წინააღმდეგ. მე ზუსტად ვიცი, რომ მეფე გახდები. დაიფიცე, რომ არ გაანადგურებ ჩემს ოჯახს!
_ გეფიცები! – დაიძახა დავითმა.
დავითის დიდსულოვნებით შეძრულმა საულმა მოიხმო თავისი მეომრები და უბრძანა, შეეწყვიტათ დავითის დევნა. მთელი რაზმი გაბრუნდა და ორგანიზებულად წავიდა სახლისაკენ, ხოლო დავითი კიდევ დიდხანს უყურებდა მათ.
კითხვები:
1) სად იმალებოდა დავითი?
2) როგორ იქცეოდა დავითი საულთან მიმართებით?
3) რატომ არ მოკლა მან საული?