დავითი და საული

დავითი და საული

ბიბლია, მეფეთა 1-ელი წიგნი, თავი 19:1-10

ამ გამარჯვების შემდეგ დავითი მეფესთან დარჩა. ის სუფრას იზიარებდა საულთან, მეფე კი ესაუბრებოდა მას და ხანდახან რჩევასაც სთხოვდა. დროთა განმავლობაში დავითი სულ უფრო მეტად სწავლობდა იარაღის გამოყენებას და ხვეწდა თავის საბრძოლო უნარს. ყველაფერი, რასაც ახალგაზრდა კაცი აკეთებდა, მოსწონდათ საულს და სასახლეში მყოფ მსახურებს, და საბოლოოდ, დავითი სამეფო ლაშქრის მეთაურად დაინიშნა. თუმცა დავითისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობა იონათანთან, საულის ვაჟთან, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.

_ აიღე ჩემი აბჯარი, მახვილი და მშვილდი, _ უთხრა დავითს იონათანმა გოლიათზე გამარჯვების შემდეგ. _ გქონდეს შენ ჩემი მეგობრობის ნიშნად.

ამ დღიდან დავითი და იონათანი გახდნენ ყველაზე საიმედო, ერთგული და ახლო მეგობრები, და ამ მეგობრობას ორივე მათგანი ძალიან აფასებდა.

ხალხმაც შეიყვარა დავითი. მამაკაცებში, ქალებსა და ბავშვებში დავითი უფრო მეტ აღტაცებას იწვევდა, ვიდრე საული. ეს აბრაზებდა მეფეს და შურს იწვევდა მასში.

ერთხელ, როცა ისინი სადილობდნენ, საულს კვლავ მოეძალა მრისხანება. დავითმა სასწრაფოდ მოიმარჯვა ქნარი მის დასამშვიდებლად, მაგრამ ამჯერად მუსიკამ არ უშველა საულს, რადგან სწორედ დავითი იყო მისი მრისხანების მიზეზი. თავის მაგიდასთან მჯდომი დავითის დანახვაზე, ქნარის მიუხედავად, საულმა ვერ დაიმორჩილა თავისი რისხვა. მეფემ ხელი დაავლო კედელზე მიყუდებულ შუბს და მთელი ძალით სტყორცნა დავითს. მაგრამ ის ფრთხილი იყო, სწრაფად დაიხარა, შუბმა მის ზევით გადაიფრინა და ხმაურით შეერჭო კედელს. ამან კიდევ უფრო გააბრაზა საული. მან მეორე შუბი მოიმარჯვა და ნამდვილად განგმირავდა დავითს, ოსტატურად რომ არ აერიდებინა თავი მას.

_ აღარ მინდა დავითის დანახვა! _ ყვიროდა მეფე. _ სადმე აქედან შორს წავიდეს ფილისტიმელებთან საბრძოლველად.

საულს შეეშინდა, რადგან ხედავდა, რომ ღმერთი მფარველობდა დავითს და თავიდან მოიშორა იგი.

უნდა აღინიშნოს, რომ საულმა შეასრულა თავისი პირობა, გოლიათთან ბრძოლის წინ რომ დადო, და თავისი ქალიშვილი, მიქალი, ცოლად გაატანა დავითს.

თუმცა დავითს მაინც მოუწია გაქცევა, რადგან იონათანმა აცნობა, რომ მამამისი არა მხოლოდ შორს გაგზავნას უპირებდა დავითს, არამედ მისი მოკვლაც ჰქონდა განზრახული.

კითხვები:

1) ვინ იყო იონათანი საულისთვის და დავითისთვის?

2) რატომ შესძულდა საულს დავითი?

3) რის გაკეთებას უპირებდა საული დავითს?

35. დავითი და საული00:00 / 03:41