
მდინარე იორდანის გადალახვა
ბიბლია, იესო ნავეს ძის წიგნი, თავები: მე-3, მე-4
დილაუთენია გაემართა იესო ნავეს ძე ისრაელის ხალხთან ერთად იორდანისკენ. მათ გაშალეს მდინარის პირას ბანაკი და დაიწყეს მისი გადალახვისთვის მზადება. იესომ უთხრა ხალხს, რომ ისინი უნდა განწმენდილიყვნენ, რადგან ღმერთს სასწაული უნდა მოემოქმედებინა.
მომდევნო დილას ღმერთმა უთხრა იესო ნავეს ძეს:
_ დღეს ვაჩვენებ ხალხს, რომ მე დაგეხმარები შენ ისევე, როგორც მოსეს ვეხმარებოდი. უთხარი მღვდლებს: როგორც კი თქვენი ფეხი შეაბიჯებს იორდანის წყლებში, გაჩერდით აღთქმის კიდობანთან ერთად!
და უბრძანა იესომ მღვდლებს, აეღოთ აღთქმის კიდობანი და გაჰყოლოდნენ მას ხალხის წინ. ხალხს კი უთხრა:
_ დღეს იხილავთ თქვენ ღვთის სასწაულს და მიხვდებით, რომ თქვენ შორის არის ცოცხალი ღმერთი! აღთქმის კიდობანი გაგიძღვებათ წინ მდინარე იორდანის გადალახვისას. გამოყავით თითო კაცი თითო ტომიდან. ისინი განსაკუთრებულ დავალებას მიიღებენ!.. როგორც კი მღვდლების ფეხები, რომლებსაც ღვთის კიდობანი მიაქვთ, იორდანეში შეაბიჯებენ, წყალი გაიყოფა: ერთ მხარეს ის დადგება და დაგროვებას დაიწყებს, როგორც კედელი, მეორე მხარეს კი ის დაიწრიტება.
მაშინ, როდესაც მღვდლები, რომლებსაც კიდობანი მიჰქონდათ, მდინარეში შევიდნენ, ზემოდან მომდინარე წყალი უცებ გაჩერდა. ერთ მხარეს წარმოიქმნა წყლის დიდი კედელი, იმ ადგილის მეორე მხარეს კი, სადაც მღვდლები იდგნენ, წყალი აგრძელებდა დინებას, სანამ სულ არ დაწყდა. წარმოიქმნა განიერი გასასვლელი, რომლითაც ისარგებლეს ისრაელიანებმა და გადავიდნენ იორდანის მეორე ნაპირზე. მღვდლებმა მდინარის კალაპოტის შუამდე მიიტანეს კიდობანი და იქ გაჩერდნენ, სანამ ხალხი მთლიანად არ გადავიდა მეორე ნაპირზე.
ღმერთმა ბრძანა, რომ თითოეული ტომიდან შერჩეულ მამაკაცებს აეღოთ თითო ქვა მდინარის ფსკერიდან – იმ ადგილიდან, სადაც მღვდლები იდგნენ – და იქ წაეღოთ, სადაც ხალხი ღამის გასათევად გაჩერდებოდა. სხვა თორმეტი ქვით, რომლებიც ასევე იმ ადგილიდან აიღეს, სადაც მღვდლები იდგნენ, იესო ნავეს ძემ ააგო მდინარის ფსკერზე ძეგლი.
ხალხი მეორე მხარეს რომ გადავიდა, მღვდლებიც გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე და გამოიტანეს აღთქმის კიდობანი. როგორც კი მღვდლებმა ფეხი შედგეს ნაპირზე, მაშინვე დაიწრიტა წყალი, რომელმაც შეავსო იორდანის კალაპოტი უწინდებურად. ასეთი სასწაულის მნახველი ხალხი შეძრული იყო. ბოლოს ისინი განლაგდნენ გილგალში, იერიქონის აღმოსავლეთით. იქ დადგა იესომ თორმეტი ქვა, რომლებიც საგანგებოდ შერჩეულმა კაცებმა გამოიტანეს იორდანის ფსკერიდან, და უთხრა ხალხს:
_ როდესაც შვილები ჰკითხავენ თავიანთ მამებს: `რას ნიშნავს ამ ქვებით აღმართული ძეგლი?~ _ უთხარით მათ: `აქ გაიყო იორდანე აღთქმის კიდობნის წინაშე~. და იქნება ეს ისრაელისთვის მუდმივ შეხსენებად, რათა დედამიწის ყველა ხალხმა იცოდეს, რომ ძლიერია ღვთის მარჯვენა! და რათა თქვენც ცხოვრების ბოლომდე გეშინოდეთ უფალი ღმერთისა!
კითხვები:
1) ვინ უნდა წასულიყო აღთქმის კიდობნით ხალხის წინ?
2) რა დაემართა მდინარე იორდანის წყლებს?
3) როგორი ძეგლი დაიდგა მდინარის ნაპირზე? რას ნიშნავდა ის?