რახაბი და მზვერავები

რახაბი და მზვერავები

ბიბლია, იესო ნავეს ძის წიგნი, თავები: 1-ელი, მე-2

მოსეს გარდაცვალების შემდეგ, იესო ნავეს ძემ დაიწყო ხალხის მომზადება აღთქმული მიწის დასაპყრობად. უფალი დაჰპირდა იესოს, რომ ყველაფერში დაეხმარებოდა, თუ ის დაიცავდა მის აღთქმებს და დაემორჩილებოდა მას.

_ იყავი მტკიცე და გაბედული, _ ეუბნებოდა უფალი იესო ნავეს ძეს. _ უფალი ღმერთი შენთან არის ყველგან, სადაც კი წახვალ!

და უბრძანა იესომ ისრაელიანებს, მოემზადებინათ სამი დღის სამყოფი საკვების მარაგი, რადგან ისინი ამჯერად მდინარე იორდანისკენ გაემართებოდნენ. ეს ის მიწა იყო, რომლის მიცემასაც დაჰპირდა მათ ღმერთი, ამიტომ ეწოდება ქანაანს აღთქმული ქვეყანა.

იესო ნავეს ძე ფრთხილი იყო. მან გადაწყვიტა, ჯერ ორი მზვერავი გაეგზავნა, რომლებსაც უნდა შეესწავლათ მიწა და, განსაკუთრებით, ქალაქი იერიქონი. ჭაბუკები შევიდნენ ქალაქში და დაბინავდნენ ქალის სახლში, რომელსაც რახაბი ერქვა, და მისი სახლი მიშენებული იყო ქალაქის კედელზე.

იერიქონის მეფეს მოახსენეს თავისმა მსახურებმა ამის შესახებ და მან მზვერავების დაპატიმრება ბრძანა. თუმცა რახაბმა სახლის სახურავზე დამალა ისინი, მეფის მსახურებს კი უთხრა:

_ დიახ, მოვიდნენ ჩემთან ვიღაც კაცები, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ. როდესაც მოსაღამოვდა, ისინი წავიდნენ. დაედევნეთ მათ, ვფიქრობ, შეძლებთ დაეწიოთ.

მეფის მსახურები დაედევნნენ ისრაელიანებს, რახაბი კი ავიდა სახურავზე თავის სტუმრებთან და უთხრა:

_ მე ვიცი, რომ ღმერთმა ეს მიწა თქვენ მოგცათ. იერიქონის ყველა მცხოვრებს ეშინია თქვენი. გაგებული გვაქვს, როგორი სასწაული მოახდინა ღმერთმა და როგორ გაიხსნა თქვენ წინაშე მეწამული ზღვის წყლები. ჩვენ შეგვეშინდა, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მბრძანებლობს ცასა და მიწაზე. ახლა, როცა სიკეთე გაგიკეთეთ, დამპირდით, რომ გადაგვარჩენთ მეც და ჩემს ახლობლებსაც. მომეცით რაიმე ნიშანი იმის დასტურად, რომ ასე მოიქცევით.

მზვერავები დაჰპირდნენ რახაბს, რომ მართლაც ასე მოიქცეოდნენ. მაშინ იგი დაეხმარა ჭაბუკებს და თოკით ფანჯრიდან გააპარა. დაშორებისას მზვერავებმა უთხრეს რახაბს, რომ მას წითელი თოკი შეება იმ ფანჯარასთან, რომლითაც ისინი გაიპარნენ. ეს გახლდათ პირობითი ნიშანი, რომლის წყალობითაც გადარჩებოდა თვითონ რახაბი და ყველა ის ადამიანი, რომლებიც ამ დროს მის სახლში იქნებოდნენ. ამის შემდეგ ჭაბუკები გაეცალნენ ქალაქს.

ისინი წარმატებით დაბრუნდნენ ბანაკში და მოუყვნენ იესო ნავეს ძეს ყველაფერს, რაც თავს გადახდათ, ბოლოს კი დაამატეს:

_ ღმერთმა ჩვენ გადმოგვცა ქანაანი და ყველა მისი მცხოვრები შიშით კანკალებს ჩვენ წინაშე.

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. რას დაჰპირდა ღმერთი იესო ნავე ძეს?

  2. რა გააკეთა იესო ნავეს ძემ, სანამ ქანაანის მიწისკენ გაემართებოდნენ ისრაელიანები?

  3. როგორ გადარჩნენ მზვერავები?

27. რახაბი და მზვერავები00:00 / 03:46