იერიქონის დამორჩილება

იერიქონის დამორჩილება

ბიბლია, იესო ნავეს ძის წიგნი, თავები: მე-5, მე-6

ისრაელიანების შიშით იერიქონის ხელმძღვანელობამ საგულდაგულოდ ჩაკეტა ქალაქის კარი. მასში აღარც არავინ შედიოდა და არც არავინ გამოდიოდა იქიდან.

და უთხრა ღმერთმა იესო ნავეს ძეს:

_ მე გაძლევ შენ იერიქონს, მის მეფეს და ყველა მოქალაქეს. შენმა მეომრებმა ექვსი დღის განმავლობაში უნდა შემოუარონ ხოლმე ქალაქს და შვიდმა მღვდელმა ატაროს შვიდი საყვირი აღთქმის კიდობნის წინ. მთელი ამ ხნის განმავლობაში სიტყვა არ უნდა დასცდეს არავის, მხოლოდ შენი ბრძანებით დასცეს ყიჟინა მთელმა ხალხმა და ქალაქის კედელი საფუძვლამდე ჩამოინგრევა. ამის შემდეგ უნდა შევიდნენ ქალაქში შენი მეომრები თითოეული თავისი მხრიდან.

ღმერთის ყოველი სიტყვა გადასცა იესომ მღვდლებს და მეომრებს. ამასთანავე უთხრა, რომ მთელი ოქრო და ვერცხლი, სპილენძისა და რკინის ყველა ნაკეთობა უნდა შეეწირათ ღმერთისთვის. იესო ნავეს ძემ მკაცრად გააფრთხილა ხალხი, რომ არაფერი აეღოთ თავისთვის ქალაქიდან, რადგან ვინც აიღებდა, სიკვდილით დაისჯებოდა.

ისრაელიანმა მეომრებმა ზუსტად აღასრულეს ყველაფერი, რაც ღმერთმა ბრძანა. დაიძრა ისრაელის ჯარი. მათ წინ მიდიოდა შვიდი მღვდელი საყვირებით ხელში, უკან მიჰყვებოდნენ მღვდლები კიდობნით მხრებზე. მათ უკან კი მიდიოდა ისრაელის ჯარი, რომელიც განუწყვეტლივ აყვირებდა საყვირებს. იესომ ყველა გააფრთხილა, რომ ხმა არ ამოეღოთ მისი საგანგებო განკარგულების გარეშე.

ზედიზედ ექვსი დღის განმავლობაში უვლიდნენ გარშემო ქალაქს უსიტყვოდ და მხოლოდ მღვდლები აყვირებდნენ საყვირებს. მეშვიდე დღეს, დილით ადრე, მათ ისევ დაიწყეს ქალაქის შემოვლა. როდესაც მეშვიდედ შემოუარეს ქალაქს, მღვდლებმა მთელი ძალით ჩაჰბერეს საყვირებში, იესომ კი ბრძანა:

_ შესძახეთ!

და შესძახეს მეომრებმა დიდი ხმით. ამის გამო ქალაქის კედლები შეზანზარდა და მისგან დიდმა ქვებმა დაიწყო ცვენა, მალე მძლავრი კედელი გრიალით ჩამოიქცა. მხოლოდ კედლის მცირე ნაწილი გადარჩა, სადაც რახაბის სახლი იყო მიშენებული.

ისრაელის მეომრები მაშინვე შეიჭრნენ ქალაქში და ძალიან მალე დაიპყრეს იგი. იესო ნავეს ძემ თავისთან მოიხმო ყოფილი მზვერავები და დაავალა მათ, გამოეყვანათ რახაბი და მთელი მისი ოჯახი, როგორი პირობაც ჰქონდათ მიცემული. ჭაბუკებმა იპოვეს ისინი და წაიყვანეს ბანაკში _ გილგალში. იერიქონი კი ბოლომდე დაანგრიეს.

კითხვები:

1) ზედიზედ რამდენი დღის განმავლობაში უნდა შემოევლოთ ისრაელიანებს ქალაქისთვის?

2) ვინ მიდიოდა მათ წინ? რამდენნი იყვნენ ისინი?

3) რატომ გადარჩა რახაბი და მისი ოჯახი?

29. იერიქონის დამორჩილება00:00 / 03:41