
წყალი კლდიდან
ბიბლია, რიცხვთა წიგნი, თავები: 20:1-13, 22-29
დიდი დრო გაატარეს ისრაელიანებმა უდაბნოში. ერთხელ ისინი მივიდნენ იმ ადგილას, სადაც არ იყო წყალი. რა გააკეთეს მათ? სამწუხაროდ, ისევ ძველებურად დაიწყეს საყვედურების გამოთქმა მოსეს და აარონის მიმართ. ისინი ამბობდნენ:
_ ნეტავ რატომ არ დავიხოცეთ ადრე? რატომ გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, უდაბნოში რომ გავწყდეთ?! აქ არც ლეღვი არ ხარობს, არც ყურძენი და არც არავითარი სხვა ხილი, ახლა კი წყალიც აღარ გვაქვს!
მათ დაავიწყდათ, რომ მხოლოდ ღვთისადმი უნდობლობის გამო იყვნენ ისინი ჯერ კიდევ უდაბნოში.
მოსე და აარონი ძალიან განაწყენდნენ ამის გამო. ისინი გაერიდნენ ხალხს, მივიდნენ სამლოცველოსთან, დაემხნენ მუხლებზე და დაიწყეს ლოცვა. ღმერთი მალევე გამოეხმაურა მოსეს და უთხრა:
_ აიღე შენი კვერთხი და შეკრიბე ხალხი. შემდეგ მიდი კლდესთან და უთხარი მას, მოგცეთ წყალი და ის იქიდან გადმოვა.
მაგრამ მოსე და აარონი ძალიან იყვნენ გაბრაზებულნი ხალხზე. მათ თქვეს:
_ მოგვისმინეთ, დაუმორჩილებლებო, ნუთუ გინდათ, რომ ამ კლდიდან გადმოვადინოთ წყალი?
შემდეგ მოსემ აღმართა კვერთხი და ორჯერ დაარტყა კლდეს. იქიდან კი წყალი გადმოვიდა და ხალხმა თვითონაც დაიწყო წყლის სმა და საქონელიც დაარწყულა.
სწორად მოიქცნენ მოსე და აარონი? მოსემ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. მას არ უნდა დაერტყა კლდისთვის. ის უბრალოდ უნდა დალაპარაკებოდა კლდეს! გარდა ამისა, მოსე და აარონი თავადაც ეჭვობდნენ, გადმოვიდოდა თუ არა კლდიდან წყალი; და მთავარი: მოსეს თვითონ კი არ უნდა გადმოედინა კლდიდან წყალი, არამედ ღმერთს!
მიუხედავად ამისა, ღმერთმა მისცა მათ წყალი, რათა თავისი წყალობა ეჩვენებინა ისრაელიანთათვის. მოსე და აარონი კი დასაჯა:
_ იმის გამო, რაც თქვენ გააკეთეთ, არ შეხვალთ ქანაანში.
ეს სერიოზული სასჯელი იყო მოსესთვის. იგი ხშირად ოცნებობდა იმაზე, თუ როგორ შევიდოდა ქანაანში და ნახავდა ადგილს, სადაც აბრაამმა საკურთხეველი აღმართა და თაყვანი სცა ღმერთს; მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ მისი ოცნებების ასრულება შეუძლებელი იქნებოდა.
(სივრცე ილუსტრაციისთვის)
მოსე უაღრესად თვინიერი ადამიანი იყო. ისრაელიანები ხშირად საყვედურობდნენ მას და უმადურობასაც ავლენდნენ მის მიმართ, მაგრამ მას არასდროს უპასუხია მათთვის მკაცრად. მხოლოდ ახლა ვერ შეიკავა თავი.
კითხვები განსახილველად
4 კითხვაროგორ მოიქცა ხალხი, როცა კიდევ ერთხელ წააწყდა წყლის უკმარისობის პრობლემას?
როგორ უნდა მოეპოვებინა ღმერთის ბრძანებით მოსეს წყალი კლდიდან?
როგორ მოიქცა ამის მაგივრად მოსე?
როგორ დასაჯა ღმერთმა მოსე და აარონი?