მზვერავები

მზვერავები

ბიბლია, რიცხვთა წიგნი, თავები: მე-13; მე-14

_ ეს მართლაც მდიდარი მიწაა, _ აცნობა მოსეს იესო ნავეს ძემ.

მოსემ გაგზავნა იგი ისრაელის სხვა თერთმეტი ტომის წარმომადგენელთან ერთად აღთქმულ მიწაზე, რათა დაეზვერათ, როგორი იყო ის.

ორმოცი დღის განმავლობაში მოიარეს მათ მთელი ეს ქვეყანა. და აი, ისინი დაბრუნდნენ და უამბეს ხალხს ნაყოფიერი სახნავი მიწების, ფართო მინდვრებისა და ტყეების შესახებ. მათ თან გამოიყოლეს ყურძნის მტევანი, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ ორ კაცს სახრეზე გადაკიდებული მოჰქონდა იგი. მზვერავებმა თქვეს:

_ ქანაანი მართლაც არის მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება; თუმცა რაც არ უნდა კარგი იყოს ეს მიწა, ჩვენ ვერ დავეუფლებით მას. იქ მცხოვრები ხალხი ძალიან ძლიერია!

დანარჩენმა მზვერავებმაც დაიწყეს საუბარი იქ მცხოვრები გოლიათებისა და კედელშემოვლებული ქალაქების შესახებ. შეკრებილი ხალხი აღშფოთებული იყო. ყველა გაბრაზებით საყვედურობდა მოსეს, რომ სწორედ მან ჩააგდო ხალხი ამ გამოუვალ მდგომარეობაში.

უცებ, აღშფოთებული ხალხის გუგუნში გაისმა ვიღაცის ხმა. ეს იყო ქალებ იეფუნეს ძე, რომელიც იუდას ტომს წარმოადგენდა მზვერავთა შორის.

_ ჩვენ შევძლებთ მათს დამარცხებას! _ წამოიძახა მან. _ მერწმუნეთ! ხოლო უპირველესად, ერწმუნეთ ღმერთს! ის დაგვპირდა ამ მიწის დამკვიდრებას და დაგვეხმარება კიდეც!

იესო ნავეს ძემ მხარი დაუჭირა ქალებ იეფუნეს ძეს:

_ ნუ დაემორჩილებით სიმხდალეს! ვხედავ, გეშინიათ, მაგრამ ნუ აღუდგებით წინ ღმერთს!

გაბრაზებულმა შეძახილებმა შეაწყვეტინეს საუბარი იესო ნავეს ძესა და ქალებ იეფუნეს ძეს. იმედგაცრუებითა და სიბრაზით მოცულ ხალხს არ უნდოდა მათი მოსმენა. უცებ მათ თვალნათლივ დაინახეს წმინდა კარვის თავზე დავანებული ღრუბელი _ ეს უფლის დიდება მოევლინა საწმინდარს.

ამან სწრაფად შეაწყვეტინა აღშფოთებულ ხალხს საყვედურების გამოთქმა. მოსე სასწრაფოდ გაემართა საწმინდარისკენ, რათა გაეგო, რისი თქმა უნდოდა მისთვის ღმერთს.

_ იმის გამო, რომ ეს ხალხი ასეთი მცირედმორწმუნეა, მე წყლულებით დავსჯი მათ! _ ასეთი იყო ღვთის მრისხანე განაჩენი.

მოსე ემუდარებოდა ღმერთს, ამჯერადაც მიეტევებინა ხალხისთვის ცოდვა.

_ კარგი, _ უპასუხა ღმერთმა. _ არ გავანადგურებ ამ ხალხს, რადგან შენ მთხოვ ამას; მაგრამ ყველა ის ადამიანი, რომლებმაც იხილეს ჩემი სასწაულები უდაბნოში და მაინც აგრძელებდნენ თავნებობას, ვერ იხილავენ მიწას, რომელიც მათს მამებს დავპირდი. მე არ მივცემ მათ აღთქმულ მიწაზე შესვლის ნებას.

ხალხი ორმოც წელიწადს იხეტიალებს უდაბნოში და მხოლოდ ამის შემდეგ დაეუფლებიან მას. ამ ხნის განმავლობაში ყველა ზრდასრული ადამიანი დაიხოცება, მხოლოდ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე, შვილების თაობასთან ერთად, შევლენ ქანაანში.

კითხვები:

1) ვის უნდა დაეზვერა აღთქმული მიწა? რამდენნი იყვნენ ისინი? დაასახელეთ ორი მათგანი.

2) რა ნახეს მათ ქანაანში?

3) რას გვასწავლის ეს ისტორია?

24. მზვერავები00:00 / 04:11