ოქროს ხბო

ოქროს ხბო

ბიბლია, გამოსვლის წიგნი, თავები: 32-ე; 33-ე

მრავალი დღე გაატარა მოსემ სინაის მთაზე ღმერთთან საუბარში. ხალხი კი მოუთმენლად ელოდა მის დაბრუნებას. მოსეს მოლოდინში სულ უფრო მოუთმენელნი ხდებოდნენ ისრაელიანები. მათ გადაწყვიტეს – შეექმნათ თავიანთი ღმერთი, სხვა ხალხების მსგავსად, რათა თაყვანი ეცათ მისთვის. ხალხი იმდენ ხანს აბეზრებდა თავს აარონს მათთვის კერპის შექმნის მოთხოვნით, რომ საბოლოოდ იგი დანებდა.

_ კარგი! _ თქვა აარონმა. _ მე გაგიკეთებთ თქვენ ღმერთს!

მან იცოდა, რომ უფლის მცნებას არღვევდა, როცა ხალხს დასთანხმდა, მაგრამ არ ეყო გამბედაობა, წინააღმდეგობა გაეწია მათთვის. აარონმა შეაგროვა ოქრო ისრაელიანთაგან, გადაადნო იგი და ჩამოასხა ხბო. ქანდაკება მან ხალხის წინ დადგა და ყველა აღფრთოვანდა:

_ აი, ჩვენი ღმერთი!

მთიდან ჩამოსვლისას მოსემ გაიგონა ხალხის ყიჟინა და მაშინვე მიხვდა, რაც მოხდა.

_ ცოდვილებო! თქვენ უღმერთოები ხართ! _ დაიყვირა მოსემ. თვალები ცრემლით გაევსო მას. ისრაელის ძეები გაირყვნნენ, მიატოვეს ჭეშმარიტი ღმერთი და ჩამოსხმულ კერპს სცემენ თაყვანს!

ასეთი საშინელი ცოდვის ხილვისას მოსეს გული მრისხანებით აღივსო, თავს ზემოთ ასწია ქვის ფილები, რომლებიც მთიდან ჩამოიტანა და მთელი ძალით მიახეთქა კლდეს. ფილები ხმაურით დაიშალა მცირე ნაწილებად და მიმოიფანტა.

შემდეგ მოსემ ოქროს ხბოს განადგურება ბრძანა.

_ თქვენ საშინელი ცოდვა ჩაიდინეთ! _ თქვა მან, _ მაგრამ მე კვლავ ავალ მთაზე და შევეხვეწები ღმერთს, რომ მოგიტევოთ. შესაძლოა, ღმერთმა ისევ გამოიჩინოს მოთმინება თქვენ მიმართ.

მოსე ავიდა მთაზე და ღმერთს პატიება სთხოვა ისრაელიანებისთვის.

_ თუ შენ არ შეგიძლია პატიება და მათი განადგურება გინდა, _ ემუდარებოდა იგი, _ მაშინ მეც გამანადგურე მათთან ერთად.

_ მე მხოლოდ იმათ დავსჯი, ვინც ცოდვის მოთავე იყო, ხალხს კი არ გავანადგურებ. წადით და დაეუფლეთ მიწას, რომელიც აბრაამს, ისაკს და იაკობს დავპირდი. თავად მე კი არ წამოვალ თქვენთან ერთად, _ უპასუხა მას ღმერთმა.

_ უფალო, _ ევედრებოდა მოსე, _ შენ თუ არ წამოგვყვები, მაშინ არც მე არ მინდა ამ ხალხის გაძღოლა, რადგან შენ გარეშე განწირულნი ვართ!

_ მე მიყვარხარ შენ, მოსე, _ უპასუხა ღმერთმა, _ ამიტომ შევასრულებ შენს თხოვნას. შევუნდობ ხალხს თავიანთ ცოდვას და კვლავ თქვენთან ერთად წამოვალ აღთქმულ მიწაზე.

მოგვიანებით, ღმერთმა დაავალა მოსეს, თავიდან დაემზადებინა ქვის ფილები და დაეწერა მათზე ათი მცნება.

კითხვები:

1) ვის მიმართეს ისრაელიანებმა თხოვნით, გაეკეთებინა მათთვის კერპი?

2) რომელი ცხოველის ფიგურა ჩამოასხა აარონმა?

3) როგორ უნდოდა ღმერთს ხალხის დასჯა?

4) რა გააკეთა მოსემ მთიდან ჩამოსვლისას?

23. ოქროს ხბო00:00 / 03:38