სინაის მთა

სინაის მთა

ბიბლია, გამოსვლის წიგნი, თავები: მე-19; მე-20; 24-ე; 31:18

ისრაელიანებმა თავიანთი კარვები გაშალეს მთის ძირში, რადგანაც ღრუბლის სვეტი იქ გაჩერდა. ღმერთმა უბრძანა მოსეს, ასულიყო მთაზე, რადგან რაღაც განსაკუთრებული უნდა გაემხილა მისთვის. როცა მოსე მთაზე ავიდა, ღმერთმა უთხრა მას:

_ შენ ხედავ, როგორი მოწყალე ვიყავი ისრაელიანი ხალხის მიმართ, როცა ეგვიპტიდან გამომყავდა ისინი. ახლა წადი და ჰკითხე მათ, უნდათ თუ არა ჩემი მცნებების შესრულება.

მოსე ჩამოვიდა მთიდან და ჰკითხა ხალხს, დაუჯერებდნენ თუ არა ღვთის ხმას? მათ უპასუხეს:

_ დიახ, რასაც ღმერთი იტყვის, ყველაფერს შევასრულებთ.

მაშინ მოსე ისევ ავიდა მთაზე და გადასცა ღმერთს მათი პასუხი:

_ ისრაელი ამბობს, რომ აღასრულებს შენს ყველა მცნებას.

ღმერთმა უთხრა მოსეს:

_ მე დაველაპარაკები მათ შენი მეშვეობით. ჩადი ხალხთან და უბრძანე მათ, მოემზადონ იმისთვის, რასაც ვეტყვი.

მოსე ჩავიდა, რომ ეთქვა:

_ სამი დღის შემდეგ ღმერთის ხმას გაიგონებთ და დაინახავთ მას ღრუბელში მთის წვერზე. მოემზადეთ ამისთვის და გაირეცხეთ ტანსაცმელი, რათა სუფთა, თეთრი სამოსით წარდგეთ უფლის წინაშე.

მოსემ ასევე ბრძანა – გაევლოთ ხაზი მთის გარშემო, რათა ვინმე შემთხვევით არ მიახლოებოდა მთას, რაც სიკვდილს გამოიწვევდა. ცხოველებიც არ უნდა მიახლოებოდნენ მთას, რადგან იგი უნდა აღვსილიყო ღვთის დიდებით.

სამი დღის შემდეგ, დილაუთენია, ხალხმა გაიგონა ქუხილის ხმა, რამაც მოკრძალება და მოშიშება გამოიწვია მათში. მოსემ უბრძანა ისრაელიანებს, გამოსულიყვნენ კარვებიდან და ღმერთისთვის მიეპყროთ მზერა.

მათ საშინელი სანახაობა წარმოუდგათ, სინაის მთა მთლიანად იყო გახვეული კვამლში და ერთიანად ირყეოდა იგი, რადგან ღმერთი გადმოვიდა მის წვერზე. ქუხდა, ელვა ანათებდა არემარეს, მთას ბოლი ასდიოდა და მთელი ერი კანკალებდა შიშისგან.

ღმერთმა უთხრა მოსეს:

_ ამოდი ჩემთან, მთის წვერზე.

მოსე დაემორჩილა და მთელი ხალხის თვალწინ ავიდა მთაზე. ღმერთმა უთხრა მას:

_ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. დაე, ნუ გეყოლება სხვა ღმერთები ჩემ წინაშე. ნუ შეიქმნი კერპებს, ნუ სცემ მათ თაყვანს და ნუ ემსახურები მათ. ნუ ახსენებ შენი უფალი ღმერთის სახელს ტყუილად. გახსოვდეს შაბათი, რათა წმინდაყო იგი. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე, მეშვიდე დღე კი შენი უფლის შაბათია. პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას, რათა გაგიხანგრძლივდეს ცხოვრების დღენი. არ მოკლა. არ იმრუშო. არ იქურდო. ნუ დასწამებ ცილს შენს ახლობელს. ნუ მოინდომებ სხვისას ნურაფერს.

ღმერთმა დაასრულა ლაპარაკი და ხალხს გაუხარდა, რადგან ისინი შიშით უსმენდნენ ღვთის ხმამაღალ სიტყვებს. როდესაც მოსე მთიდან ჩამოვიდა, ისრაელიანები მივიდნენ მასთან და უთხრეს:

_ სთხოვე ღმერთს, რომ მეტად აღარ გველაპარაკოს, რადგან შიშმა აგვიტანა ჩვენ. შენ დაგელაპარაკოს ღმერთი, მერე კი ჩვენ გადმოგვეცი მისი სიტყვები.

მაშინ მოსე კვლავ გაუჩინარდა ღრუბელში მთის წვერზე და გადასცა ღმერთს ხალხის დანაბარები:

_ მათ ეშინიათ შენი ხმის გაგონების.

ღმერთმა თქვა:

_ კარგია, რომ მათ ეშინიათ ჩემი. მე დაგელაპარაკები, შენ კი გადასცემ მათ ჩემს სიტყვებს.

ღმერთმა ისევ უბრძანა მოსეს მთაზე ასვლა და იქ დარჩენა მის პირისპირ. მოსემ იქ ორმოცი დღე და ღამე გაატარა, არაფერი უჭამია და არც დაულევია, მაგრამ უფალი უნარჩუნებდა მას სიცოცხლეს და ესაუბრებოდა ღრუბლიდან.

ბიბლია გადმოგვცემს, რომ ღმერთმა დაავალა ისრაელიან ხალხს – გაეკეთებინათ მისთვის წმინდა კარავი, რომლის დაშლა და ადგილიდან ადგილზე გადატანა იქნებოდა შესაძლებელი. ქვის ფილებისთვის, რომლებზეც ათი მცნება იყო ამოკვეთილი, მათ უნდა გაეკეთებინათ ყუთი აკაციის ხისგან, რომელიც შიგნიდან და გარედან დაფარული იქნებოდა ოქროს ფირფიტებით. ამ ყუთს ერქვა კიდობანი. შემდეგ ღმერთმა მისცა მოსეს ქვის ორი დაფა, რომელზეც თვითონ ამოკვეთა ათი მცნება.

კითხვები განსახილველად

5 კითხვა
  1. ვის მოუხმო ღმერთმა მთის წვერზე სასაუბროდ?

  2. რატომ იყო გავლებული ხაზი მთის გარშემო?

  3. რატომ აღარ უნდოდა ხალხს უფლის ხმის გაგონება?

  4. რამდენ ხანს იყო დარჩენილი მოსე მთის წვერზე?

  5. რა მისცა ღმერთმა მოსეს, როცა მათ დაასრულეს საუბარი?

22. სინაის მთა00:00 / 05:05