იოსების მონობა

იოსების მონობა

ბიბლია, დაბადების წიგნი, თავი 37:13-36

ერთხელ იაკობმა გაგზავნა იოსები ძმებთან, რომლებიც თხებს და ცხვრებს მწყემსავდნენ მინდორში. მან უთხრა:

_ წადი, ნახე, ხომ მშვიდობით არიან შენი ძმები და ფარა, და პასუხი მომიტანე.

იოსებს ყოველთვის უხაროდა მამის დავალების შესრულება, იგი მაშინვე გაუდგა გზას ისე, რომ არც მსახური არ წაიყვანა თან და არც სახედარი. მან ჩაიცვა თავისი ლამაზი ტანსაცმელი და დაემშვიდობა მამას.

დიდხანს ეძებდა იოსები თავის ძმებს, სანამ ერთმა გამვლელმა არ უთხრა მათი ადგილსამყოფელი. როდესაც იოსები მიუახლოვდა მათ, ძმებმა შორიდანვე დაინახეს იგი და ერთმანეთს უთხრეს:

_ აი, მოდის `სიზმარა~. მოდი, მოვკლათ იგი, ჩავაგდოთ რომელიმე თხრილში, მამას კი ვუთხრათ, რომ მტაცებელმა ცხოველმა დაგლიჯა იოსები. მაშინ ვნახავთ, როგორ ახდება მისი სიზმრები. მაგრამ უფროსმა მათგანმა _ რეუბენმა _ თქვა:

_ არ არის საჭირო მისი მოკვლა, ნუ დავღვრით სისხლს; მოდით, თხრილში ჩავაგდოთ აქვე, უდაბნოში.

რეუბენს უნდოდა მოგვიანებით მისი გათავისუფლება და მამისთვის დაბრუნება. ძმები დასთანხმდნენ, რომ არ მოეკლათ იგი. როგორც კი იოსები მიუახლოვდა მათ, თავს დაესხნენ და ჭრელი ტანსაცმელი გახადეს. მაშინ იოსები მიხვდა, თუ რისი გაკეთება უნდოდათ მათ. იგი მწარედ ატირდა და შეეხვეწა ძმებს – დაენდოთ იგი, გაეთავისუფლებინათ და გაეშვათ მამასთან, მაგრამ ისინი არ უსმენდნენ, რადგან დაუნდობელი და გაბოროტებული გულები ჰქონდათ.

მათ იოსები ღრმა ორმოში ჩააგდეს, სადაც იგი დაღლილი, მშიერი და მწყურვალი იყო. გულზე მძიმედ აწვა იოსებს ის აზრი, რომ ვეღარასოდეს იხილავდა საყვარელ მამას!

გაბოროტებული ძმები არ ისმენდნენ მის კვნესას და თხოვნას; უდარდელად დასხდნენ საჭმელადაც. უცებ მათ დაინახეს ქარავანი. ესენი ვაჭრები იყვნენ, რომლებსაც ეგვიპტეში მიჰქონდათ ძვირფასი ფისი, ნელსაცხებელი და სხვა საქონელი. ერთ-ერთმა ძმამ _ იუდამ – თქვა:

_ ეს ქარავანი ეგვიპტეში მიდის. მოდით, მონად გავყიდოთ იოსები! მაშინ არ მოგვიწევს მისი მოკვლა, ის ხომ შორს იქნება ჩვენგან.

მაშინ, როდესაც ქარავანი მიუახლოვდა მათ, ძმებმა მიმართეს ვაჭრებს:

_ გვინდა, მონა მოგყიდოთ. ის ლამაზი ჭაბუკია, ჯანმრთელი და ძლიერი. ეგვიპტეში მის სანაცვლოდ კარგ თანხას გადაგიხდიან და მოგებას ნახავთ.

ვაჭრებმა შეათვალიერეს იოსები, რომელიც თოკებით ამოათრიეს ძმებმა ორმოდან და ოც ვერცხლად იყიდეს იგი.

თავიანთი დანაშაულის დასაფარავად, ძმებმა იაკობს თხის სისხლში მოსვრილი იოსების ტანსაცმელი მიუტანეს. იაკობმა იცნო თავისი შვილის სამოსი და სასოწარკვეთილმა თქვა:

_ ეს ჩემი შვილის ტანსაცმელია, მტაცებელმა ცხოველმა შეჭამა იგი. ნამდვილად დაგლეჯილია იოსები.

დიდხანს გლოვობდა იაკობი თავის საყვარელ შვილს, მაგრამ ვერაფერმა გაუქარვა დარდი.…

კითხვები:

1) რა ბოროტულ გეგმას აწყობდნენ იოსების ძმები?

2) რომელი ძმა ცდილობდა მის გადარჩენას?

3) როგორ მოექცნენ ძმები იოსებს?

15. იოსების მონობა00:00 / 04:04