
ეგვიპტეში
ბიბლია, დაბადების წიგნი, თავები: 39-ე, მე-40, 41-ე
ვაჭრებმა მიიყვანეს იოსები ეგვიპტეში და მიჰყიდეს იგი ფოტიფარს, ფარაონის დაცვის უფროსს. იოსებმა სწრაფად შეისწავლა ეგვიპტური ენა, ყველა საქმეში გონიერება გამოავლინა და მალე ფოტიფარის ოჯახის მონების ზედამხედველი გახდა. იოსებს უხაროდა, რომ ღმერთმა არ მიატოვა იგი ამ უცხო ქვეყანაში და ეხმარებოდა მას.
ფოტიფარი კეთილი ბატონი იყო, განსხვავებით მისი მზაკვარი ცოლისა. ერთხელ, როცა ფოტიფარი სახლში არ იმყოფებოდა, მან დაადანაშაულა იოსები ისეთ საქმეში, რომელიც მას არ ჩაუდენია. ამის გამო იოსები ციხეში აღმოჩნდა, თუმცა ღმერთს არც იქ არ მიუტოვებია იგი.
ციხის უფროსმა შეამჩნია, რომ იოსები საიმედო ადამიანი იყო, ამიტომ მან სხვა პატიმრების ზედამხედველად დანიშნა ის. ერთ ღამეს, ორ პატიმარს, მწდეთუხუცესს (მეფისათვის ღვინის დასხმის გამგებელს) და მეპურეთუხეცესს (მეფისათვის პურისა და საჭმლის მირთმევის ორგანიზატორს), დაესიზმრათ სიზმრები, რომლებმაც ისინი ძალიან ააღელვა.
_ თუ ღმერთი მიმითითებს, რას ნიშნავს თქვენი სიზმრები, მე დაგეხმარებით, _ შესთავაზა მათ იოსებმა. _ მომიყევით ისინი.
იოსებმა მათი სიზმრები რომ მოისმინა, დიდხანს იფიქრა: თავად ღმერთმა აუხსნა მას მათი მნიშვნელობა.
მოგვიანებით, სულ სხვა ადგილას, ციხის კედლებიდან შორს, დიდებულ საძინებელში კიდევ ერთ ადამიანს დაესიზმრა საშინელი სიზმრები: ეს ეგვიპტის მეფე, ანუ ფარაონი იყო. მას ეზმანა, თუ როგორ გამოვიდა მდინარე ნილოსიდან შვიდი ძროხა. ისინი ჯანმრთელნი და კარგად ნაკვებნი იყვნენ და მშვიდად ძოვდნენ ნაპირზე. შემდეგ ნილოსიდან გამოვიდა კიდევ შვიდი ძროხა, ისეთი გამხდარი, რომ მათი ძვლების დათვლა შეიძლებოდა. და გამხდარმა ძროხებმა შეჭამეს მსუქნები, თუმცა ამით ისინი არ გასუქებულან.
ფარაონმა გაიღვიძა, თუმცა ისევ დაიძინა და მას სხვა სიზმარი ეზმანა. ამჯერად მან ღერო ნახა, რომელზეც შვიდი თავთავი იყო ამოსული. თავთავები დიდები და მარცვლებით გავსებულნი იყვნენ. მოულოდნელად გამოჩნდა სხვა შვიდი თავთავი, გამომშრალი და გამოცარიელებული. მათ მთლიანად შეჭამეს ჯანსაღი თავთავები. ეს საშინელი სანახავი იყო.
ფარაონმა ცივი ოფლით დასველებულმა და აღელვებულმა გაიღვიძა. იგი მიხვდა, რომ ეს წინასწარმეტყველური სიზმრები იყო, მაგრამ არ იცოდა, რას ნიშნავდა თითოეული მათგანი.
ფარაონი დიდხანს ფიქრობდა მათზე, მაგრამ დამაჯერებელი ახსნა ვერ მოეძებნა ამ სიზმრებისთვის. მაშინ მან უბრძანა ყველა ეგვიპტელ ბრძენს თავის სასახლეში მოსვლა. როდესაც ყველა შეიკრიბა, ფარაონმა უამბო მათ თავისი სიზმრები. ვერც ერთმა ბრძენმა ვერ ახსნა ამ სიზმრების მნიშვნელობა. გაბრაზებულმა ფარაონმა ყველანი გაყარა სასახლიდან. მაშინ მწდეთუხუცესმა, რომელიც ორი წლით ადრე იოსებთან ერთად იჯდა ციხეში, გაიხსენა იგი, რადგან მან სწორად აუხსნა მას თავისი სიზმრის მნიშვნელობა. ღვინის მწდემ უამბო ფარაონს ამის შესახებ და მანაც ბრძანა, სასწრაფოდ მიეყვანათ მასთან იოსები.
_ ესე იგი, შენ შეგიძლია სიზმრების ახსნა? _ იკითხა ფარაონმა.
_ არა, მე არ შემიძლია, _ უპასუხა იოსებმა, _ მაგრამ ღმერთი მეხმარება მათი აზრის გაგებაში.
და ფარაონი მოუყვა მას ყველაფერს, რაც სიზმრად იხილა.
_ ორივე სიზმარი ერთსა და იმავე აზრს შეიცავს, _ თქვა იოსებმა. _ შვიდი მსუქანი ძროხა, ისევე, როგორც შვიდი სავსე თავთავი, სიუხვის შვიდ წელიწადს ნიშნავს ეგვიპტისთვის. გამხდარი ძროხები და გამომშრალი თავთავები კი მანიშნებელია შვიდი უნაყოფო წელიწადისა, რომელიც ამის შემდეგ დადგება. შიმშილი ისეთი საზარელი იქნება, რომ მანამდე არსებული სიუხვისგან კვალი აღარ დარჩება. ის კი, რომ ორი სიზმარი ერთსა და იმავე ღამეს იხილეთ, იმას ნიშნავს, რომ ღმერთი აუცილებლად შეასრულებს იმას, რაც ახლა გითხარით.
ფარაონი ძალიან დაღონდა.
_ ვერაფრით ვერ ავარიდებთ ჩვენს ქვეყანას განსაცდელს?
_ ეს შესაძლებელია! _ თქვა იოსებმა. _ შიმშილობა აუცილებლად დადგება, მაგრამ თქვენ უნდა მოემზადოთ მისთვის. ჩემი რჩევაა, დააყენოთ გონიერი და ბრძენი კაცი ეგვიპტის ქვეყნის განგებლად. განაწესოთ ზედამხედველნი ქვეყანაზე. და ახდევინოთ მოსახლეობას მოსავლის მეხუთედი სიუხვის შვიდ წელიწადში. ასე დაგროვდება მომავალი კარგი წლების მთელი საზრდო და როცა გვალვა დადგება, საკვები საკმარისი იქნება ქვეყანაში.
ფარაონს მოეწონა ეს აზრი და უთხრა იოსებს:
_ რადგან ღმერთმა დაგანახვა ეს ყველაფერი, შენზე ბრძენი არც არავინ არის ეგვიპტეში. შენს სიტყვას დაემორჩილება მთელი ერი. მე გნიშნავ შენ მთელი ჩემი ქვეყნის განმგებლად. მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული.
თავისი ნათქვამის დასტურად, ფარაონმა მოიხსნა ხელიდან ბეჭედი და იოსებს გაუკეთა ხელზე. ასევე, მან შემოსა იოსები ძვირფასი ტანსაცმლით და ოქროს ძეწკვი შეაბა კისერზე. ფარაონმა აჩუქა მას ეტლი, და ყველა ადამიანი, რომელიც შეხვდებოდა იოსებს, უნდა დაჩოქილიყო მის წინაშე.
ასე აქცია ფარაონმა იოსები ეგვიპტის განმგებლად. როცა მმართველობა გადაიბარა, იოსები ბევრს მუშაობდა. მან ბრძანა, აეშენებინათ მთელ ქვეყანაში მარცვლეულის საცავები. იგი არ ხარჯავდა მთელ დროს ქეიფსა და დროს ტარებაში, არამედ მუდამ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავდა.
იოსები უაღრესად მადლიერი იყო ღმერთის იმის გამო, რომ მან ასე სასწაულებრივად იხსნა იგი საპყრობილიდან. მას ის კი არ უხაროდა, რომ მდიდრული ტანსაცმელი ემოსა და დიდ ძალაუფლებას ფლობდა, არამედ ის, რომ შეეძლო ბევრი სიკეთის კეთება ხალხისთვის და მათი ხსნა შიმშილის მარწუხებიდან.
მალე იოსები დაქორწინდა და მას ორი ვაჟი შეეძინა. იგი ხშირად ფიქრობდა თავის მოხუც მამაზე და არ კარგავდა იმედს, რომ ოდესღაც კვლავ ნახავდა მას. იგი ძმებსაც იხსენებდა და იმედოვნებდა, რომ მათ მოინანიეს თავიანთი შეცდომა. იოსების გულში არ იყო სიძულვილი ძმების მიმართ. იგი ხვდებოდა, რომ ღმერთმა დაუშვა მისი გაყიდვა ეგვიპტეში.
ღმერთმა ეს იმიტომ მოიმოქმედა, რომ მოგვიანებით შიმშილით სიკვდილისგან ეხსნა არა მხოლოდ ეგვიპტელები, არამედ იაკობის მთელი ოჯახიც.
კითხვები განსახილველად
3 კითხვასად წაიყვანეს იოსები ვაჭრებმა, რომლებმაც მისი ძმებისგან იყიდეს იგი?
ვის მიჰყიდეს იოსები ვაჭრებმა?
როგორ ეხმარებოდა ღმერთი იოსებს ეგვიპტეში?