იოსების ისტორია - იოსების სიზმრები

იოსების ისტორია - იოსების სიზმრები

ბიბლია, დაბადების წიგნი, თავი 37:1-12

იაკობს თორმეტი ვაჟი ჰყავდა, ათი მათგანი უკვე ზრდასრული; მცირეწლოვანი მხოლოდ ერთი იყო – ბენიამინი. მისი დაბადებისას, იაკობის ცოლი – რახელი – გარდაიცვალა. რახელის მეორე შვილი იოსები ბენიამინზე უფროსი იყო. ის უკვე მოზარდი გახლდათ, უყვარდა მამა და ემორჩილებოდა ყველაფერში.

იაკობის ათი უფროსი ვაჟი თხებს და ცხვრებს მწყემსავდა. მათი საქციელი ხშირად არ იყო სწორი და ეს არ მოსწონდა იაკობს. იოსები, მათთან ერთად ყოფნისას, უკმაყოფილო იყო ძმების უწესო ქმედებით და ყველაფერს უყვებოდა მამას. იოსების ასეთი საქციელი აღიზიანებდა ძმებს და მტრულად ექცეოდნენ მას. ამასთანავე, არც იაკობი არ მალავდა, რომ იოსები დანარჩენ შვილებზე მეტად უყვარდა და მამის ამგვარი დამოკიდებულება უფროს შვილებში შურსა და სიძულვილს იწვევდა.

ერთხელ იაკობმა გასცა განკარგულება, დაემზადებინათ იოსებისთვის განსაკუთრებული, ჭრელი ტანსაცმელი.

ასეთი ტანისამოსი არცერთ ძმას არ ჰქონდა. ამან კიდევ მეტი შური გამოიწვია ძმებში.

ზოგჯერ იოსები უცნაურ სიზმრებს ხედავდა. ერთხელ მას ესიზმრა, რომ იგი შუა მინდორში თივის ძნებს კრავდა ძმებთან ერთად. და ძმების მიერ შეკრულმა ძნებმა თაყვანი სცეს იოსების მიერ შეკრულ ძნას. იოსებს ძალიან გაუკვირდა და თავის ძმებს მოუყვა ამ სიზმარს.

ისინი ძლიერ გაბრაზდნენ და თქვეს:

_ ნუთუ გგონია, რომ ჩვენ შენ დაგემორჩილებით?!

ცოტა ხანში მან სხვა სიზმარი ნახა: თითქოს მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მას სცემდნენ თაყვანს. ამ სიზმარმა კიდევ უფრო გააკვირვა იგი და მოუყვა მამას და თავის ძმებს.

მამამ დატუქსა იგი და უთხრა:

_ ნუთუ ფიქრობ, რომ მზე მე ვარ, მთვარე _ დედაშენი, თერთმეტი ვარსკვლავი კი _ შენი ძმები, და ჩვენ მიწამდე გცემთ თაყვანს შენ?

თუმცა იოსებმა დაიმახსოვრა ეს სიზმარი. ძმები კი სულ უფრო მეტად ბრაზობდნენ მასზე და შურდათ მისი:

_ ძალიან გათამამდა იოსები და უამრავ სისულელეს მიაწერს თავის თავს, მაგრამ ჩვენ ჭკუას ვასწავლით მას. _ გადაწყვიტეს ძმებმა.

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. რამდენი ვაჟი ჰყავდა იაკობს?

  2. სწორად იქცეოდა იაკობი, როცა მან იოსები თავის ნებიერად აქცია?

  3. რატომ გააღიზიანა ძმები იოსების სიზმრებმა?

14. იოსების ისტორია - იოსების სიზმრები00:00 / 03:10