
ძმების შეხვედრა
ბიბლია, დაბადების წიგნი, თავები: 32-ე, 33-ე, 35:1-7
ხანგრძლივი მოგზაურობის მიუხედავად, ყველას უხაროდა, რომ ისინი მიდიოდნენ მიწაზე, რომელიც ღმერთმა უანდერძა აბრაამს და მის შთამომავლებს. მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა იაკობს, როგორ შეხვდებოდა მას ესავი. იაკობს ახსოვდა, როგორ დადო ესავმა პირობა, რომ მოკლავდა მას, ამიტომ შიშობდა, რომ თავისი ძმა მასაც და მის შვილებსაც დახოცავდა.
მაშინ, როდესაც იაკობმა გაიგო, რომ ესავმა შეკრიბა ოთხასი მამაკაცი და მისკენ დაიძრა, იგი შეშინდა. რა უნდა გაეკეთებინა? თუკი ესავმა ბოროტება განიზრახა, რა ეშველებოდა მას?! იაკობს არ შეეძლო სწრაფად გაქცევა, რადგან ეს შეუძლებელი გახლდათ ამხელა ფარასთან, შვილებთან და ქალებთან ერთად. თავის დასაცავად კი მას ცოტა მამაკაცი ჰყავდა.
პირველი, რაც იაკობმა გააკეთა, იყო ფარის შუაზე გაყოფა, რომელიც მან წინ გაუშვა.
`თუ ესავი თავს დაესხმება მას, მაშინ მეცოდინება, რომ იგი ისევ გაბრაზებულია ჩემზე. ასეთ შემთხვევაში მეორე ნაწილი მაინც მოახერხებს გაქცევას~, _ განუმარტა მან თავის შვილებს.
თვითონ იაკობმა წაიყვანა პირველი ნახევარი. როდესაც მოსაღამოვდა, იაკობმა გზიდან გადაიყვანა ფარა და დაიწყო ლოცვა:
_ ღმერთო, მე არ ვარ იმ წყალობისა და კეთილგანწყობის ღირსი, რომელსაც ასე უხვად იმეტებ ჩემთვის; თუმცა კი გთხოვ, დაგვიფარე მე და ჩემი ოჯახი, ნუ მისცემ ესავს უფლებას – მომკლას, რადგან შენ დამპირდი მფარველობას, ეს მიწა კი ჩემი შთამომავლობისთვის გაქვს შეპირებული.
მომდევნო დილას იაკობმა თავის მონებთან ერთად წინ გაუშვა ოცდაათი აქლემი ესავთან შესახვედრად. მათი წასვლის შემდეგ მან სხვა მონებს გაატანა ორასი ცხვარი. ცოტა ხნის შემდეგ იაკობმა კიდევ გაგზავნა თხები, ძროხები და სახედრები ერთმანეთისგან გარკვეული მანძილის დაშორებით. მთელი ეს საქონელი საჩუქრად იყო განკუთვნილი ესავისთვის. `თუ ესავი მორიგეობით მიიღებს ამ საჩუქრებს, მაშინ იგი აღარ განრისხდება ჩემზე, როცა შემხვდება~. _ ფიქრობდა იაკობი. მან ესავს ყველა თავისი შიკრიკი გაუგზავნა, ის კი ჯერაც არ ჩანდა.
მოსაღამოვდა, ყველამ დაიძინა. შუაღამისას იაკობი ადგა და მთელი თავისი საქონელი გადაიყვანა მდინარის მეორე ნაპირზე, რომელიც მინდვრის შუაში მიედინებოდა. იგი მარტო დარჩა მდინარის პირას. მივიდა მასთან ვიღაც კაცი და დაუწყო ჭიდილი. ის უფლის ანგელოზი გახლდათ, რომელმაც ადამიანის სახე მიიღო. ისინი დიდხანს ეჭიდებოდნენ ერთმანეთს, იაკობი მთელი ძალით იცავდა თავს. როდესაც ანგელოზმა იგრძნო, რომ ვერ ერეოდა იაკობს, შეეხო მისი ბარძაყის სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი. ამის შემდეგ მან ვეღარ შეძლო ბრძოლის გაგრძელება, თუმცა მთელი ძალით იჭერდა მეტოქეს.
_ გამიშვი, _ თქვა მისმა მეტოქემ, _ რადგან უკვე ირიჟრაჟა.
იაკობი კი არ უშვებდა მას.
_ ჯერ მაკურთხე.
_ რა გქვია? _ იკითხა უცნობმა.
_ იაკობი.
_ ამიერიდან შენი სახელი არა იაკობი, არამედ ისრაელი იქნება, რადგან ღმერთს დაეჭიდე და ადამიანებსაც დაამარცხებ.
_ მითხარი შენი სახელი, _ სთხოვა იაკობმა, მაგრამ მან არ უპასუხა.
მაშინ იაკობი მიხვდა, რომ ადამიანს კი არა, ღმერთს ერკინებოდა და მან აკურთხა იგი. როდესაც აღმოსავლეთიდან მზემ ამოანათა, უცნობი გაქრა.
იაკობი ნელა წამოდგა და მდინარის გადალახვა დაიწყო ფონით. ის კოჭლობდა, რადგან ბარძაყი სტკიოდა.
მალე იაკობი დაეწია თავის საქონელს და ოჯახს. როდესაც მან შორს გაიხედა, დაინახა მათკენ მომავალი მამაკაცები.
ეს ესავი იყო თავისი ხალხის თანხლებით. გულის ფანცქალით გაემართა მის შესახვედრად იაკობი და მორჩილების გამოსახატავად შვიდჯერ დაუკრა თავი მას. მაგრამ ესავმა მიირბინა მასთან, გადაეხვია, აკოცა და თქვა:
_ იაკობ, როგორ მიხარია შენი კვლავ ნახვა!
იაკობს გულზე მოეშვა _ ესავი აღარ ბრაზობდა მასზე! ძალიან გაუხარდა, როცა ნახა, რომ ძმას გული მოულბა! იაკობმა ღმერთს სთხოვა, ზეგავლენა მოეხდინა ესავზე და მან შეისმინა გულწრფელი ლოცვა. ორივე ატირდა სიხარულით.
ესავმა დაინახა რახელი, ლეა და ბავშვები და იკითხა:
_ ესენი ვინ არიან?
იაკობმა უპასუხა:
_ ესენი ჩემი შვილები არიან, რომლებიც ღმერთმა მიბოძა.
მაშინ რახელი, ლეა, მსახურები და ბავშვები მიწამდე დაიხარნენ და თაყვანი სცეს მას. შემდეგ ესავმა იკითხა:
_ ეს რა საქონელი იყო, რომლებიც გზად შემხვდნენ? რატომ გამომიგზავნე ისინი? მე ყველაფერი მრავლად მაქვს, ძმაო, დაიტოვე შენი საქონელი.
თავის მხრივ, იაკობმა სთხოვა ესავს:
_ მიიღე ჩემი საჩუქარი, რადგან ღმერთი არ მაკლებდა კურთხევას და ყველაფერი მაქვს.
ასე არწმუნებდა იაკობი ესავს და მან მიიღო ძმისგან საჩუქრები. ესავმა სთხოვა იაკობს, გაჰყოლოდა მას თავისი ახალი სახლისკენ, მაგრამ იაკობმა უთხრა:
_ მე არ შემიძლია სწრაფი სიარული: ჩემი შვილები დასუსტდნენ, უამრავი ბატკანი და თიკანი მყავს და ჩქარი სიარულისას შეიძლება ყველა მათგანი დავკარგო.
ამრიგად, იაკობი არ გაჰყვა ესავს. მაშინ ესავი დაბრუნდა სახლში, ქანაანის მიწის გადასწვრივ. იაკობმა კი გადალახა მდინარე იორდანე და დასახლდა ქანაანის მიწაზე, ქალაქ შექემის სიახლოვეს. მან გაშალა კარვები, აღმართა სამსხვერლო და თაყვანი სცა უფალ ღმერთს.
კითხვები განსახილველად
3 კითხვარისი ეშინოდა უკან მიმავალ იაკობს?
როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ძმები?
რომელი ახალი სახელი მიიღო იაკობმა?