იაკობი უცხო ქვეყანაში

იაკობი უცხო ქვეყანაში

ბიბლია , დაბადების წიგნი, თავები: 29-ე, 30-ე, 31:1-12

ბოლოს იაკობმა მიაღწია იმ ადგილამდე, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობდნენ. მან ჰკითხა გზად შემხვედრ მწყემსებს, ხომ არ იცნობდნენ ლაბანს.

_ ვიცნობთ, _ უპასუხეს მწყემსებმა. ხედავ იმ ქალიშვილს, დიდი ფარა რომ მოჰყავს აქეთ? ეს რახელია, ლაბანის უმცროსი შვილი.

იაკობი მიხვდა, რომ მიაღწია დანიშნულების ადგილს. მან გულში გადაუხადა მადლობა ღმერთს და დაეხმარა რახელს ცხვრებისთვის ჭიდან წყლის ამოღებაში.

ქალი ძალიან ლამაზი იყო და იაკობმა თავიდანვე შეამჩნია ეს. თუმცა მან ჯერ არ უთხრა, ვინ იყო თვითონ.

_ რატომ მეხმარები? _ იკითხა რახელმა.

_ დიდი ხნის წინ შენი მამიდა აქედან წავიდა ქანაანის მიწაზე, რათა იქ გათხოვილიყო. – უპასუხა იაკობმა.

_ ვიცი, _ თქვა რახელმა, _ ამის შესახებ მამაჩემმა, ლაბანმა, მიამბო. და შენ ვინ ხარ?

_ მე იაკობი ვარ, რებეკას შვილი.

_ გამოდის, ჩემი ნათესავი ყოფილხარ! _ გაუხარდა რახელს. _ კეთილი იყო შენი მობრძანება ჩვენთან!

ლაბანმა იაკობის შესახებ რომ შეიტყო, სიხარულით გამოეგება მას.

_ შემოდი ჩემს სახლში, იყავი ჩემი სტუმარი!

დიდმა სიხარულმა დაისადგურა ლაბანის სახლში. გამოიტანეს საზეიმო კერძები და იაკობი დიდხანს უყვებოდა ნათესავებს იმის შესახებ, რომ მამამისი, ისაკი, უკვე დაბერდა და თვალთაც აკლია, ხოლო რებეკა ჯერ კიდევ ჯანმრთელად არის; აგრეთვე ჰყვებოდა იმის შესახებ, რომ თვითონ უმცროსი ძმაა ტყუპებს შორის და რომ მან მიიღო მამის კურთხევა და გახდა მემკვიდრე.

_ მითხარი, _ თქვა ლაბანმა, _ მამაშენმა დაგრთო მგზავრობის ნება?

_ მან თვითონ გამომგზავნა! _ უპასუხა იაკობმა, _ აქ უნდა მოვნახო ჩემთვის ცოლი.

იაკობს უკვე შეუყვარდა რახელი და ოცნებობდა, რომ სწორედ ის გამხდარიყო მისი მეორე ნახევარი. ის ერთი თვე იყო ლაბანთან და მუშაობდა მასთან. ერთხელ ლაბანმა ჰკითხა, თუ რა ჯილდოს მიღება სურდა მას სამუშაოს სანაცვლოდ. იაკობი უკვე ფიქრობდა ამის შესახებ.

_ შენ ხომ იცი, ლაბან, რომ როცა ცოლის მოყვანა გინდა, გამოსასყიდი უნდა მისცე სასიმამროს. მე კი რახელზე მინდა დაქორწინება. თანახმა იქნები, რომ შენთან დავრჩე სამუშაოდ კიდევ შვიდი წელი და ეს იყოს ჩემი გამოსასყიდი რახელისთვის?

ლაბანმა ღიმილით დაუკრა თავი:

_ რა თქმა უნდა. მირჩევნია, შენ მოგათხოვო ჩემი შვილი, ვიდრე ვინმე სხვას.

და აი, იაკობი შვიდი წელი მუშაობდა რახელისთვის. როგორც იქნა, ამ ვადამ განვლო და დადგა ნანატრი დღე. ქორწილში პატარძალი მთლიანად იყო გახვეული საბურველში _ ასეთი იყო იქაური წესი. მხოლოდ დილით დაინახა სიძემ პატარძლის სახე. როდესაც მან პირსაბურავი მოიხსნა, იაკობი შეშინდა: ის, ვისზეც დაქორწინდა, რახელი კი არა, მისი და – ლეა – იყო!

იაკობი აღშფოთებული მიეჭრა ლაბანს.

_ რას ნიშნავს ეს?! _ დაიყვირა მან. _ მე შვიდი წელი ლეასთვის კი არა, რახელისთვის ვიმუშავე. შენ მომატყუე!

_ იცი, ჩვენთან არ არის წესი უმცროსი დის გათხოვებისა უფროსზე ადრე.

იაკობი მუხლებზე დაემხო და ატირდა. მხოლოდ ახლა გაიაზრა, თუ რა საშინლად მოატყუეს იგი. ლაბანმა უთხრა, რომ უფლებას მისცემდა მას, რახელიც მოეყვანა ცოლად, თუ კიდევ შვიდ წელიწადს იმუშავებდა მისთვის.

იმ ხანებში მამაკაცს შეეძლო, ჰყოლოდა რამდენიმე ცოლი, ამიტომ იაკობი დასთანხმდა ამ წინადადებას. მალევე კიდევ ერთი ქორწილი გადაიხადეს. ამჯერად ტყუილის გარეშე. ახლა იაკობი უკვე დაქორწინდა იმაზე, ვინც უყვარდა, რახელზე.

კიდევ შვიდი წელი მუშაობდა იაკობი სიმამრის სასარგებლოდ. ხოლო როცა ეს დრო ამოიწურა, მან განაგრძო მუშაობა ლაბანთან, მაგრამ ამჯერად არა გამოსასყიდისთვის, არამედ თავისი გასამრჯელოსთვის. მას უკვე ჰყავდა საკუთარი მრავალი ძროხა, ცხვარი და თხა. საბოლოოდ, მისი საქონელი უფრო მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე ლაბანისა. გარდა ამისა, მას ამ პერიოდისთვის უკვე თორმეტი შვილი ჰყავდა: თერთმეტი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. იაკობი კმაყოფილი გახლდათ: ღმერთი მასთან იყო და კურთხევას უგზავნიდა მას. ბოლოს მან შეამჩნია, რომ ლაბანს და მის ვაჟებს შურდათ მისი სიმდიდრის.

ამ დროს ღმერთმა უთხრა იაკობს, რომ დაბრუნებულიყო თავის მიწაზე, საკუთარ ოჯახში.

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. როგორ გაიცნეს ერთმანეთი იაკობმა და რახელმა?

  2. როგორ მოატყუა ლაბანმა იაკობს?

  3. რატომ შეეცვალათ ლაბანის ვაჟებს დამოკიდებულება იაკობის მიმართ?

12. იაკობი უცხო ქვეყანაში00:00 / 05:36