
სამშობლოში დაბრუნება
..
ჯერ კიდევ ბავშვი იყო დანიელი, როცა ბაბილონში წაიყვანეს და მაშინაც კი, როცა იგი დაბერდა, ისევ ახსოვდა სამშობლო და ღვთის აღთქმა, უკან დაებრუნებინა თავისი ხალხი.
ნეტავ აღდგენილი ყოფილიყო ღვთის ტაძარი და იუდეველებს კვლავ შესძლებოდათ შეკრება, ერთად ლოცვა უფლის წინაშე! დანიელი განმარტოვდა სახლში, მარხულობდა და ლოცულობდა:
_ ჩემო უფალო, შენ დიადი და წმინდა ღმერთი ხარ და მოწყალებას არ იშურებ მათ მიმართ, ვისაც უყვარხარ. ჩვენ, შენმა ხალხმა, უამრავი უსამართლობა ჩავიდინეთ. ამიტომაც დაუშვი შენ, რომ იერუსალიმი დანგრეულიყო, ჩვენ კი უცხო ქვეყნებში გვეცხოვრა. მაგრამ მე ვიცი შენი გულმოწყალების შესახებ და ამიტომაც გემუდარები: შეუნდე ჩემს ხალხს თავისი დანაშაული და მიეცი ნება სამშობლოში დაბრუნებისა!
ღმერთმა შეისმინა დანიელის ლოცვა. თავად დანიელმა ვერ შეძლო სამშობლოში დაბრუნება, რადგან უკან დაბრუნების ნებართვა ებრაელებმა მხოლოდ დანიელის სიკვდილის შემდეგ მიიღეს. ბაბილონის მეფემ არა მხოლოდ უკან დაბრუნების ნებართვა გასცა, არამედ დაუბრუნა ებრაელებს ის წმინდა ჭურჭლები, რომლებიც იერუსალიმის ტაძრის დაპყრობის დროს იქნა წამოღებული. აღუწერელი იყო ისრაელიანთა სიხარული. როგორც იქნა, ისინი თავისუფლები იყვნენ!
და მაინც, ყველას არ ეყო გამბედაობა სამშობლოში დასაბრუნებლად. მათ ხომ უკვე ჰქონდათ სახლები და ბაღები, ჰყავდათ მეზობლები და მეგობრები ამ ქვეყანაში. ისრაელში კი მხოლოდ ნანგრევების პოვნა შეიძლებოდა. მათ ბევრი შრომა მოუწევდათ იქ, რომ ყველაფერი თავიდან აეშენებინათ.
თუმცა ბევრი იყო ისეთიც, რომელიც არ შეუშინდა სირთულეებს. მათ გადაწყვიტეს, დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში და აღედგინათ უფლის დანგრეული ტაძარი.
მრავალი კვირა გავიდა, სანამ უკან მიმავალმა ისრაელიანებმა მიაღწიეს დასახულ მიზანს. მათ სწორედ ის დაინახეს, რაზეც ფიქრობდნენ: მათი სახლები დანგრეული იყო და აღარ გამოდგებოდა, გადარჩენილებში კი სხვები ცხოვრობდნენ. სახნავი და ვენახები სარეველა ბალახებით იყო დაფარული, ან სხვები ამუშავებდნენ მათ და თავიანთ საკუთრებად მიიჩნევდნენ. რამდენი ჭიდილი და მძიმე შრომა ელოდათ წინ მათ!
თუმცა მათთვის მთავარი არ იყო მინდვრის გასუფთავება, ხვნა-თესვა, ახალი სახლები და მარნები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რაც აკრძალული იყო ტყვეობაში: ღმერთის განდიდება თავისივე ტაძარში! მაგრამ ტაძარიც უკვე აღარ იყო. ოდესღაც მშვენიერი იერუსალიმი ნანგრევებად ქცეულიყო.
_ ტაძრის აღდგენას, ალბათ, კიდევ დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ საკურთხევლის გაკეთება ახლავე შეგვიძლია, _ თქვა მღვდელმა. _ იგი ზუსტად იმ ადგილას უნდა იყოს, სადაც ადრე იდგა.
და ხალხმა მოედნის გაწმენდა დაიწყო, სადაც საკურთხეველი უნდა დაედგათ. მალე მათ უკვე შეეძლოთ მსხვერპლის შეწირვა, რათა მადლიერება გამოეხატათ ღმერთისთვის, რომელმაც სამშობლოში დაბრუნების საშუალება მისცა მათ. მრავალი წლის შემდეგ მოხდა აღდგენილი ტაძრის კურთხევა. იერუსალიმი კვლავ იქცა მშვენიერ ქალაქად, რომელიც მაღალი კედლით იყო გარშემორტყმული.
ბაბილონის ტყვეობიდან ებრაელთა დაბრუნების შემდეგ, ღმერთი ისევ და ისევ უგზავნიდა მათ წინასწარმეტყველებს, რათა შეეხსენებინა მათთვის თავისი მცნებანი; მას კვლავ და კვლავ უხდებოდა მათი დასჯა და შემდეგ მიტევება. მაგრამ განა ძალიან დიდი ხნის წინ არ აუწყა ღმერთმა ისრაელიანებს წინასწარმეტყველის პირით, რომ ოდესღაც ყველაფერი იქნება სხვანაირად, არა ისე, როგორც ადრე იყო?
`აჰა, მოდის დღეები, – ამბობს უფალი, – და ისრაელის სახლსა და იუდას სახლს ახალ აღთქმას დავუდებ. არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდე მათს მამებს იმ დღეს, როდესაც ხელი მოვკიდე მათ, რომ გამომეყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან; ის ჩემი აღთქმა მათ დაარღვიეს. ეს არის აღთქმა, რომელსაც დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, – ამბობს უფალი, – წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ, და მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი. დიდიან-პატარიანად ყველას ვეყოლები შეცნობილი, – ამბობს უფალი, – რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და მათს ცოდვებს აღარ გავიხსენებ მეტად~.
(ბიბლია, იერემიას წიგნი, თავი 31:31-34)
როდის აპირებდა ღმერთი თავისი დანაპირების შესრულებას?